2015 წელს 28 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მირიან ბერიძე, ჯამბულ აბდულაევი, გია ბახუნტარაძე, ჯამბულ ალიევი ISIS-ის მებრძოლებთან შესაძლო კავშირის გამო დააკავეს.
გია ბახუნტარაძის დედა, ნატო ირემაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ბიჭები უსამართლოდ სხედან ციხეში: "გია ბახუნტარაძე ჩემი შვილია. ყველას ვთხოვ, დამეხმაროს ჩემი შვილის უდანაშაულობის დამტკიცებაში.
ჩემი უდანაშაულო შვილი ოთხი თვეა, ციხეში ზის და ჯერ ვერაფერს ვერ უმტკიცებს პროკურატურა. თანაც, მისი ციხეში ყოფნა არ შეიძლება _ ავადაა.
ინტერნეტით უკავშირდებოდნენ გიას ჩვენი ნათესავები. როდესაც სირიაში გადასული ბიჭების შესახებ გააქტიურდა საუბარი მედიით, ვთხოვე, რომ აღარ მიეწერა მათთვის არაფერი. თუმცა, არაფერი ისეთი იქ არ იყო, ჩემი შვილი მაგის გამო დაეკავებინათ _ გია თურქეთშიც კი არ არის ნამყოფი და არ მეგონა, სირიაში წასულ რამდენიმე ბიჭთან ნათესაური კავშირი დანაშაული თუ იყო", _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ნატო ირემაძე.
ირემაძის თქმით, ოჯახის წევრები თავს გარევაჭრობით ირჩენენ: "გია ყოველდღე მეხმარებოდა საქონელის გადაზიდვაში. ნასაკირალში საზაფხულო სამუშაოების დროს მივდიოდით, შემდეგ კი თხილის და მანდარინის მოსაკრეფად. მუშა ბიჭია. სამი შვილის მამაა და ახლა მის გარეშე გვიწევს ბავშვების გაზრდა" _ გვითხრა ნატო ირემაძემ.
გიამ დედას ორჯერ დაურეკა ციხიდან: "ტელეფონით მითხრა, ხომ იცი, ღმერთი, საქართველო და ოჯახი როგორ მიყვარს, არაფერი ცუდი არ მაქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშეო. როცა ეს ბიჭები ტელევიზიით ტერორისტებად შერაცხეს, ახლა ვის დააჯერებთ, რომ ასე არ არის?
ოთხი თვეა, დაკავებულები არიან და პროკურატურიდან არაფერი ისმის. ყველას მინდა მივმართო, რომ დაგვეხმარონ სიმართლის დადგენაში. გიას დაკავების დღეს 30 კაცი, ნიღბიანები დაგვსხნენ თავს, გეგონებოდათ ბენ ლადენის დაკავების პროცესი მიმდინარეობდა. ყველგან დაკავების ერთნაირი ხელწერა იყო_ ამოიღეს "ფლეშკები", დროშები, იარაღი და ხელყუმბარა. ბავშვები ახლაც შეშინებულები არიან, ისე შემოცვივდნენ სახლში".
ნატო ირემაძე ამბობს, რომ სურს მისი შვილის და დაკავებული ბიჭების საქმის გამო სახალხო დამცველის აპარატში დაინტერესდნენ: "მინდა, "გურია ნიუსის" საშუალებით მივმართო სახალხო დამცველს, აუცილებლად დაინტერესდეს ამ საქმით და სამართლიანად შეისწავლოს საკითხი. ამ ბიჭების საქმეს "გრიფით საიდუმლო" ადევს _ საინტერესოა, რა არის აქ საიდუმლო?! რადგან ღარიბი ვარ, ხომ არ შეიძლება უსამართლობამ იზეიმოს?
იმის გამო, რომ მუსლიმია, ხომ არ შეიძლება ციხეში ჩასვან უდანაშაულო ადამიანი?!" _ ამბობს ნატო ირემაძე.