ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურში 1974 წელს აშენებული იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მუზეუმი წლებია დაკეტილია.
მის შექმნაზე ოზურგეთელმა ესე თოიძემ იზრუნა. მისი გარდაცვალების შემდეგ მუზეუმი დაიხურა და ახლა იქ არავინ დადის.
"ბატონი ესე სტალინის გულშემატკივარი იყო და ეს მუზეუმი თვითონ შექმნა. სტალინის დაბადების დღეზე კი 300-400 კაციან სუფრას აკეთებდა და მოდიოდნენ სტუმრები. როდესაც ბატონი ესე გარდაიცვალა, მის შემდეგ აღარავინ პატრონობს ამ მუზეუმს." – გვითხრეს სოფელ ლიხაურში.
ბიუსტები, ფოტოები, ჩანაწერთა წიგნი და სხვა ნივთები, რომელიც უკავშირდება სტალინის მოღვაწეობას ახლა განადგურების პირას არის. მუზეუმის ერთ-ერთ კედელზე აბრას წააწყდებით წარწერით: "ყველა ენაზე ნამდვილად მშვიდობას ქვია სტალინი."