ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ალბენაში, უეფას ეგიდით, საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს და მასში ოთხი გუნდი ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი და ხორვატია მონაწილეობს.
17 აპრილს კი საქართველოს თექვსმეტწლამდელ გოგონათა საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა.
მე16-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა პირველ ტაიმში მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს საქართველოს ნაკრები კი მხოლოდ კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს.
მეორე ტაიმი მოულოდნელად დაიწყო _ თამარ ეპიტაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ქართველების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, ერთ წუთში ბულგარეთი კვლავ წინ გავიდა 2:1. 59-ე და 64-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და 4:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები მიუხედავად დამარცხებისა აშკარა პროგრესს განაგრძობს, მოგეხსენებათ ქალთა ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად პოპულარულია და ყურადღებაც სათანადოდ არ ექცევა.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ორი ჩოხატაურელი გოგონა ირიცხება თათია გაბუნია და მარიამ კალანდაძე. სწორედ გაბუნიას ეკეთა კაპიტნის სამკლაური ბულგარეთთან შეხვედრაში. მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა მან კარგი თამაში ჩაატარა, ისევე როგორც კალანდაძემ, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მცველია საქართველოს ნაკრებში.
ორივე ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს" წევრები არიან და მათი წარმატება ჩოხატაურელთათვის ორმაგად სასიხარულოა.