პარტია “განახლებული საქართველოსთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 16 მაისს, 16:00 საათზე, პოლიტიკური პარტია “განახლებული საქართველოსთვის” თავმჯდომარე ნანა გულუა შვილებთან ერთად, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გამგზავრებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეს და არ მისცეს საშუალება დროულად გაეგო, თუ რა იყო ამ შეფერხების მიზეზი.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პარტიის მრჩევლის მინდია გულუას განცხადებით, მსგავსი ქმედებების მოწყობას იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლევან ტაბიძეს უკავშირებს, ვისი მითითებითაც, მსგავსი პრობლემა, უკვე რამდენჯერმე შეექმნა პარტიის ლიდერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას და გამგზავრებისას.
ნანა გულუამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარი საათის დაგვიანებით დატოვა და ამჟამად იგი უკვე მოსკოვში იმყოფება.