ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები წარმატებული ფერმერი დავით თენეიშვილი, დიდი ხანია, მარადმწვანე სოჭს საკუთარ კარმიდამოში თესავს და ნერგების რეალიზაციას ახდენს.
_ პატრიარქის მოწოდება, რომ წმინდა ხედ მიჩნეული სოჭი ყველა ოჯახში უნდა იყოს, მალამოსავით მომედო. მე, მრავალი წელია, სოჭის ნერგები გამომყავს, რაც არც ისე ძნელია _ მთავარია, ამის სურვილი და განწყობა.
სოჭი მამამ ბავშვობიდან შემაყვარა. ამბობდა, რომ ის განსაკუთრებული ღვთიური მცენარეა და ძალიან ალამაზებს გარემოს. მას ბახმაროდან ჩამოჰქონდა სოჭის გირჩები, თესავდა განკუთვნილ ნაკვეთში, _ გვეუბნება დავით თენეიშვილი და ამაყობს, რომ ახლა გირჩები _თესლი თვითონ მოაქვს მთიდან, თესავს და ყოველ წელს ახალი ნერგები გამოჰყავს.
მისი განმარტებით, თესლი ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ავიღოთ. ვიდრე გირჩი გაიშლება, უნდა დაითესოს. სოჭი დეკორატიული მცენარეა და შესაძლებელია, სასურველი სიდიდით მუდმივად გვქონდეს, როგორც მოზრდილ ქოთანში, ისე ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთში. რაც შეეხება გადარგვას, ნერგი უნდა მოვათავსოთ კარგად განოყიერებულ ნიადაგში, მივცეთ ცოტა სასუქი. მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, ასევე არ უყვარს ჭარბი ტენი. სხვა რაიმე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, საკმაოდ გამძლე მცენარეა.