ხალხური სიმღერების შემსრულებელ ანსამბლ „იადონს“ დოკუმენტურ ფილმში იღებენ. პროექტი უკრაინის კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფილმის _- „ ცხოვრება, ბოლო შეკითხვა! “ გადაღებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ანსამბლ „იადონის“ ხელმძღვანელის – ბიძინა მჟავიას ოჯახში მიმდინარეობს.
დოკუმენტური ფილმში ასახული იქნება სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან.
ფილმს უკრაინელი რეჟისორები _ ალექსანდრე სტიკოლენკა და ტატიანა ხოდოკივსკა იღებენ.
გადაღებები ქართულ კინომწარმოებლობა _ „ეფიქსფილმ ჯორჯიასთან “ თანამშრომლობით მიმდინარეობს. ფილმის პროდიუსერია _ მარიამ მოსკალენკო, წარმოების მენეჯერი _ ირაკლი ქურდიანი.
„ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პროექტს, რომელიც ასახავს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ადამიანების დამოკიდებულებას ცხოვრებასთან, სიკვდილთან.
ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ როგორ აღიქვამენ სიცოცხლეს სხვადასხვა ერებში , როგორ უყვართ ის, როგორ ერწყმის ქართული სუფრის კულტურა და სიმღერა ერთმანეთს, რამდენად გამოხატავს ის ქართულ ხასიათს.
ფილმის ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოს დაეთმობა,"_ აღნიშნა ფილმის რეჟისორმა.
გადამღები ჯგუფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მხარდაჭერით გადასაღებ მოედანზე უკვე მესამე დღეა მუშაობს.