თამაზ მეჭიაურის განცხადებები გაგებულ უნდა იქნას ერთი დეპუტატის ინდივიდუალურ პოზიციად და არა ხელისუფლების პოზიციად, _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 2030-ში.
“ვფიქრობ, პრემიერის ძალიან მკაფიო განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, თამაზ მეჭიაური პოლიტიკური გუნდის შეცვლაზე ფიქრობდეს.
“თუ შენი პირადი მოსაზრებები გუნდის ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკური პლატფორმისგან რადიკალურად განსხვავდება, ლოგიკურია, ამ გუნდს გაემიჯნო. არ შეიძლება, გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდეს. ამ საკითხს პარტია საკუთარ წევრებთან გაარკვევს და ამისთვის სხვა, პარტნიორი, თუ კონკურენტი პარტიების მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება”, _ განაცხადა კობახიძემ.
მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს, თუ ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ახალი სახეები, რა პრობლემატიკაზე იქნება ორიენტირებული პარტიის პროგრამა და რას შესთავაზებს მოსახლეობას.
“ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ სია მაქსიმალურად დახვეწილი და კონკურენტუნარიანი იყოს. 4 თვით ადრე, თავისი სიის შემადგენლობას არც ერთი პარტია არ აკონკრეტებს. ვადასტურებ, რომ საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებით ჩემთან შემოთავაზება იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს.”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.