საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" სიაში ყოფნას ის არ აპირებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თუმცა, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გუნდს დასჭირდება, ის არჩევნების განმავლობაში მათ მხარში დაუდგება.
"მე, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, მზად ვარ, თუ ეს გუნდს დაჭირდება, მხარში დაუდგე არჩევნების განმავლობაში. მე სიაში არ ვაპირებ ყოფნას, ვინაიდან მე ვიყავი ამ პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მინდა, წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტიის ყრილობაზე დღეს ახალი პოლიტსაბჭო დაამტკიცეს.
ყრილობას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.