სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის ბესო ქათამაძის პლაკატები ყოველდღე ნადგურდება.
"მიზანმიმართულად ხდება პლაკატების ჩამოხევა. ყველაზე მეტი პლაკატი დავით ბაქრაძის ჩამოსვლის დღეს ჩამოხიეს. ჩემთვის უცნობია ვინ აკეთებს ამ სიბინძურეს."- ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ბესო ქათამაძე.
პლაკატების ჩამოხევას ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჯაბა ღლონტი.
"ოზურგეთის "ქართული ოცნების" ხელისუფლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ბესიკ ქათამაძეს პლაკატების ჩამოხევით ებრძვის.
მინდა გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლება. სურათების ჩამოხევით ამომრჩევლების დაშინებით, დაშანტაჟებით, ვერაფერს გახდებით.
6 დღე გაქვთ დარჩენილი, 22 მაისს დაბა ნასაკირალიდან დაიწყება თქვენი ხელისუფლების დემონტაჟის დასასრულის დასაწყისი, გირჩევთ შეინარჩუნოთ ეთიკის ნორმები, ნუ ცდილობთ სიტუაციის დაძაბვას." – ამბობს ჯაბა ღლონტი.
"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელობას და მათ კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.


































































