"სააგიტაციო მასალის განადგურება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ ოპონენტები მიმართავენ ძველ ხერხს, ანადგურებენ სააგიტაციო მასალას და ფაქტის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს." – ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ღურჯუმელიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები მომავალშიც განმეორდეს. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე," – ამბობს გიორგი ღურჯუმელიძე.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში უცნობმა პირებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის ბესო ქათამაძის პლაკატები ჩამოხიეს.
"მიზანმიმართულად ხდება პლაკატების ჩამოხევა. ყველაზე მეტი პლაკატი დავით ბაქრაძის ჩამოსვლის დღეს ჩამოხიეს. ჩემთვის უცნობია ვინ აკეთებს ამ სიბინძურეს."- ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ბესო ქათამაძე.