"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბესიკ ქათამაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, ცდილობს ახლოს იყოს სარჩევნო უბანთან და გაწიოს აგიტაცია. მოხდა შელაპარაკება, იყო ხმამაღალი საუბარი და დაპირისპირებაც. "ერქომაიშვილი გვეუბნება, რომ თუ თქვენ ხართ ეზოში, ასევე ვიქნებით ჩვენც" _ ამბობს ქათამაძე.
პარტია "ქართული ოცნების" წევრი , გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
"სარჩევნო უბანზე, მოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ეცადნენ, მომხდარიყო დაპირისპირება. ისინი ხალხის დაშინებას შეეცადნენ. როგორც მათი ადრინდელი ხელწერაა. მსგავსი ტიპის ქმედებები მათი მხრიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
ამ დროს მოვედი მე. სავარაუდოდ, ფოთის ყოფილი მერი, ცდილობდა მოსახლეობა შეეყვანა შეცდომაში. ერთ-ერთ გადამღებ ჯგუფს მოუწოდებდა, რომ გადაეღო ვითარება. მე მშვიდად გამოვეხმაურე მას და მივმართე, რომ მოსახლეობა შეჰყავდა შეცდომაში, რასაც მოჰყვა სიტუაციის ახსნა _ ვერ დავარქმევდი გაწევ-გამოწევას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ "ნაციონალები" დეზინფორმაციას ავრცელებენ," _ ამბობს ერქომაიშვილი.