გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. მოსახლეობამ შუალედურ არჩევნებზე მხარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ბესიკ ქათამაძეს დაუჭირა და ის დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. რას ფიქრობენ ამაზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, რაში ხედავენ საკუთარ დანაშაულს, რატომ უთხრა მოსახლეობამ უარი "ქართულ ოცნებას" და დადგება თუ არა არჩევნებზე პარტიის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი? – ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი, გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი საუბრობს:
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და კიდევ ერთხელ შეიყვანა ნასაკირალის მოსახლეობა შეცდომაში, დემაგოგიური მიდგომით, ტყუილით. ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ თუ ქათამაძეს დაუჭერდა მხარს მოსახლეობა, ეს იქნებოდა კონკრეტულად ნასაკირალის "პრობლემების მოგვარების" გზა. მაშინ როცა "ნაციონალების" მმართველობის დროს, მთელი ცხრა წელიწადი არც გაზი, არც გამრიცხველიანება, არც გზა, არც წყალი არ გაუკეთებიათ სოფელში. აი ეს არის "ნაციონალური მოძრაობა"ტყუილზე და მამაძაღლობაზე დაყრდნობილი"_ამბობს გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი. მისი თქმით, აქ მეორე პრობლემაც დგას, რომელიც თავად ამომრჩეველშია.
"როცა პოლიტიკურად გაიძვერა პარტიას აძლევ ხმას, ისმის კითხვა, რომელზედაც პასუხი მეც მაინტერესებს მოსახლეობიდან, რა ხდება ბატონებო, ნასაკირალელებო? ალბათ ამ კითხვაზე მალე მივიღებ პასუხს… ვეჭვობ ძალიან დიდ ვაჭრობას ჰქონდა ადგილი და ეს ზიანს აყენებს ზოგადად საზოგადოებას, ამაზე დაფიქრება ნამდვილად ჭირდებათ.
– თქვენი აზრით, რატომ უთხრა მოსახლეობამ ხელისუფლებას უარი?
– მოსახლეობას საფუძველი არ ქონდა იმისა, რომ ხელისუფლებისთვის უარი ეთქვა, იმიტომ, რომ მაქსიმალური ყურადღების ცენტრში იყვნენ. ამას დავუმატოთ ის, რომ ყურადღება არა მარტო ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდანაც მაქსიმალური იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ნასაკირალმა თქვა უარი! ამ ფაქტზე მოგახსენეთ ზემოთ… აქ ერთგვარი უმადურობის ნიშნებიც შეიმჩნევა და ეს გასაანალიზებელია.
– რას იტყვით იმაზე, რომ არჩევნების დღეს, "ნაციონალები" ხელისუფლებას აგიტაცია-პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ, აცხადებდნენ რომ არჩევნების ჩაშლას ცდილობდით და ჩამოყვანილი გყავდათ თქვენი გუნდის წევრები…
– მჟავანაძის სიტყვები, რომ თითქოს ერქომაიშვილი ცდილობდა საარჩევნო პროცესის ჩაშლას, იყო ტყუილი აქაც დავანახე საზოგადოებას, რომ ტყუილის შვილები არიან და ეს ხბოს ბედნიერება, ყველამ კარგად ვიცით როგორ დასრულდება!
არ შემიძლია არ შევეხო მათი იდეოლოგის მილოცვას, რომელიც ოდესაში ანგრევს ეხლა უკრაინის სახელმწიფოებრიობას და ცდილობს მის გუნდთან ერთად მიშისტური რეჟიმის დამყარებას, ამაში უკრაინის მთავრობა მალე დარწმუნდება. მივმართავ მიშას, დაანებე ახალგაზრდებს თავი, ცხოვრებას ნუ აურევ, შენ საქართველოში უკვე პოლიტიკური ლეში ხარ, რომელიც ოქტომბერში გაქრება იმ სანაგვედან სადაც გაგიშვა საქართველომ! ამაში გარწმუნებ გურიიდან სოსო ერქომაიშვილი, გპირდები, შენი სკაიპით ჩართვა გურიაში იყო ბოლო და უკანასკნელი!"
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება შეცდომების გამოსწორებას მომავალ არჩევნებზე, ერქომაიშვილი პასუხობს:
"ბუნებრივია, მოხდება მომხდარი ფაქტის ანალიზი და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს."
_ბატონო სოსო, თქვენ გქონდათ აღებული პასუხისმგებლობა არჩევებზე, შეიძლება თუ არა დადგეს თვქენი პასუხისმგებლობის საკითხი?
– მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ სოსო ერქომაიშვილი უნდა გაერიდოს პროცესებს და ამით სიტუაცია გაუმჯობესდება, მე მზად ვარ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგა.



































































