უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ახალი პარტიის შექმნის გეგმების შესახებ განაცხადა. პოლიტიკური პარტიის შექმნა დავით საყვარელიძემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დაანონსა. მას პარტიის შექმნის ვადა და მისი სახელწოდება არ გაუსაჯაროებია, თუმცა განაცხადა, რომ პარტია ძალიან მალე შეიქმნება.
დავით საყვარელიძის თქმით, პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
"დრო არ გვაქვს. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციასთან, რომ უკრაინაში შეიქმნას პირველი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, იდეოლოგიური პოლიტიკური პლატფორმის პირველი პრეცედენტი, რომელიც არ იქნება ოლიგარქების პროექტი, არ იქნება პრეზიდენტის პროექტი, არ იქნება წარუმატებლობისთვის განწირული დროებითი პოლიტიკური პროექტი", _ განაცხადა საყვარელიძემ.
დავით საყვარელიძის განმარტებით, პარტია მცირე და საშუალო ბიზნესზე იქნება ორიენტირებული.
მისი თქმით, ამჟამად პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების შესახებ კონსულტაციები რადას რამდენიმე დეპუტატთან მიმდინარეობს.
14 მარტს ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრ ბოროვიკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის შექმნასა და არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. თავად გუბერნატორმა ეს ინფორმაცია უარყო, რის შემდეგაც ბოროვიკმა განაცხადა, რომ მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.
ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში საზოგადოებრივ მოძრაობას "მოძრაობა გაწმენდისთვის" ხელმძღვანელობს. დავით საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მოძრაობა ახალ პარტიას შეუერთდეს.