ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოშლის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა. სამივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სტაციონარული მკურნალობა მხოლოდ ერთს დასჭირდა.
"როდესაც ბავშვები ბიბლიოთეკიდან გამოდიოდნენ, ბათქაში ჩამოიშალა. სამი ბავშვი დაშავდა. ერთი მსუბუქად, კისრის არეში.
მეორეს დაჟეჟილობაც არ აღმოაჩნდა. მესამეს კი თავი სტკიოდა. ტვინის შერტყევა არ დაუდგინდა, თუმცა ექიმებმა მაინც ურჩიეს ერთი დღით საავადმყოფოში დარჩენა",-განაცხადა სკოლის დირექტორმა, ნანა გაგნიძემ.
მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, სკოლა წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.
სკოლის დირექტორის განცხადებით, განათლების სამინისტროს დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.