“ლაფშას” (ატრიას) დასამზადებლად ავიღოთ 0.5 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 0.5 ჭიქა თბილი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაბრტყელოთ 2 მმ სისქეზე. დავჭრათ ცომი 1 სმ სიგანის და 30-40 სმ სიგრძის ზოლებად. მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში, გავწუროთ ცხრილზე, რამდენჯერმე გავავლოთ ცივი წყალი.
სოუსის მოსამზადებლად 400 გრ. რბილი ხორცი (უზბეკები ცხვრის ხორცს იყენებენ) და 100 გრ. ლორი (ან ცხვრის დუმა) დავჭრათ წვრილად. 2 ცალი ბადრიჯანი დავჭრათ 2 სმ. ნაჭრებად, 2 ცალი სტაფილო, 200 გრ. კომბოსტო დავჭრათ ნამჯისებურად, 4 ცალი ბულგარული წიწაკა, 500 გრ. პამიდორი დავჭრათ რგოლებად. გამდნარ ცხიმში მოვშუშოთ 2-3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი და 2-3 კბილი ნიორი, დავუმატოთ ხორცი შეწითლებამდე. დავაყაროთ პამიდორი, წიწაკა, სტაფილო. როცა პამიდორი წვენს გაუშვებს, ჩავუმატოთ დანარჩენი ბოსტნეული, დაჭრილი ოხრახუში. ჩავასხათ ცოტა “ლაფშის” ნახარში. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 40-45 წუთი, შევაზავოთ წიწაკითა და მარილით. სუფრაზე მიტანის წინ, “ლაფშას” მდუღარე წყალი გადავავლოთ. ღრმა თეფშზე ვალაგებთ ფენებად “ლაფშას” და ვასხამთ სოუსს. ეს ულუფა 6 კაცისთვისაა განკუთვნილი.
უზბეკური ლაგმანი მარტივი წესით ასე მზადდება: ცხვრის ან ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და მოვხარშოთ ბლომად წყალში. ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილი, პამიდორი, ოხრახუში, ნიორი. “ლაფშის” მომზადების წესი თქვენ უკვე იცით. მზა “ლაფშა” ჩავდოთ საწვნე ჯამში და დავასხათ ლაგმანი. ამ შემთხვევაში, თქვენ ძალიან გემრიელ სუფს მიიღებთ.