დღეს, ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინგლისური ენის რესურსოთახი გაიხსნა.
სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ საზეიმოდ გაჭრა ლენტი და მიულოცა სტუმარ-მასპინძლებსა და ყველა მოსწავლეს ასეთი საჩუქარი.
"პროექტის გახორციელებაში უდიდესი როლი მიუძღვის "მშვიდობის კორპუსს" და მოხალისე მასწავლებელს კარმენ მეტოქსს. სკოლას ჰყავს არჩვეულებრივი ინგლისური ენის მასწავლებელები, რომელთა ხელმძღვანელობით ჩვენი მოსწავლეები აქ კიდევ უფრო სრულყოფილად და მაღალ დონეზე დაეუფლებიან ინგლისურ ენას", _ აღნიშნა სიორიძემ.
"40 წელია, სკოლაში ვმუშაობთ მე და ინგლისური ენის მეორე მასწავლებელი ნანა ყაზაიშვილი და ამდენივე წელი ვვოცნებობდით, გვქონოდა ასეთი ოთახი. სკოლას სულ ინგლისური ენის ხუთი მასწავლებელი ჰყავს და ყველას უდიდესი სტიმული გვემატება, რომ ამიერიდან ჩვენი მომავალი თაობა თვალსაჩინოებებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ რესურსოთახში შეისწავლიან ინგლისურ ენას", _ თქვა ინგლისური ენის მასწავლებელმა თამარ ცხომელიძემ.
ცრემლებს ვერ იკავებდა ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი კარმენ მეტოქსი. მან მიულოცა ყველას და ასევე დაემშვიდობა სკოლას, სადაც ორი წელი გაატარა. მეტოქსი მომდევნო კვირას სამშობლოში მიემგზავრება.
სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ ასევე ისაუბრა კარმენ მეტოქსის დედის სტუმრობის შესახებაც, რომელიც შვილის სანახავად ჩამოვიდა. როგორც სიორიძემ აღნიშნა, სწორედ კარმენის დედის დამსახურებაა, რომ სკოლაში რესურსოთახი გახსნილიყო.
ღონისძიების დასარულს, მოსწავლეებმა აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც ისინი მადლობას უხდიან და ემშვიდობებიან კარმენ მეტოქსს.