ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია პენსიონერებზე ერთჯერად დახმარებებს გასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და მედიის საშუალებით განცხადებაც გაავრცელა, მთხოვნელთა განცხადებები მაინც არ წყდება აღნიშნული სამსახურის მისამართით. დღეს თბილისის მერიამ კვლავ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაცია და მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.
"თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებას გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის თქმით, გასული კვირის ბოლოდან ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ასეულობით განცხადება შემოდის. მაშინ როდესაც, მისივე თქმით, წინა თვეებში მატერიალური დახმარების თხოვნით დღეში 60-70 განცხადება ფიქსირდებოდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს რიცხვი დღეში 200-ს აჭარბებს.
თბილისის მერიის მიერ 7 ივნისს გავრცელებული განცხადების მიუხედავად, იმის თაობაზე, რომ მერია პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას არ გასცემდა, ბოლო სამ დღეში, ამ კატეგორიის მოსახლეობისგან 500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა.
თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მოსახლეობას სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას."-ნათქვამია განცხადებაში.