საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ბექირ ბოზდაის შეხვდა. კახა კახიშვილი თურქეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა თურქ კოლეგას სამხედრო ამბოხის მცდელობის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია თურქეთში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს და ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. თურქეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სისტემა სტრუქტურულად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კახა კახიშვილმა ბექირ ბოზდაის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები და გამოწვევები გააცნო.
"შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ პრობაციასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან თურქული კანონმდებლობით, პირი, რომელიც ტოვებს ციხეს, ვალდებულია ბინა იქირაოს და თურქეთში იცხოვროს, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა გვითხრა, რომ აუცილებლად განიხილავენ საკითხს, რომლის მიხედვითაც საპრობაციო ვადის მოხდა პირს საქართველოში შეეძლება", _ განაცხადა კახა კახიშვილმა.
მან თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართ მადლიერება გამოხატა, რომელმაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თურქეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრებისთვის სააღდგომო საჩუქრების გადაცემაში მხარდაჭერა აღმოუჩინა და ხელი შეუწყო. თავის მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის პატიმრებისთვის თავიანთ რელიგიურ დღესასწაულებზე საჩუქრების გადაცემას.
კახა კახიშვილმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის რამდენიმე დოკუმენტიც გაფორმდა, მათ შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის. მემორანდუმი პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
(R)