ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისში ყოველთვის აქტიური ხდება პრობლემა – სამარშრუტო ტაქსების კონდიცირების საკითხი. კითხვაზე, რატომ არ რთავენ კონდიციონერებს მიკროავტობუსებში, ჩვენს მიერ გამოკითხული მძღოლების დიდი ნაწილი პასუხობს: კონდიციონერი არ მუშაობს.
ნომერ 150 მიკროავტობუსის მძღოლმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ყვითელი მიკროავტობუსები თურქეთშია აწყობილი, დაბალი ხარისხისაა და შესამამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან. "ჩემს მანქანაში კონდიციონერი გაფუჭდა, გავაკეთებინეთ, მაგრამ ისევ გამოვიდა მწყობრიდან. ეს იმის ბრალია, რომ მანქანები მართალია "ფორდის" მარკისაა, მაგრამ თურქეთშია აწყობილი, უხარისხოა."
18 ივლისს თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მერია იწყებს მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მძღოლებს სანქციები დაეკისრებათ. ამ განცხადების გავრცელების შემდეგაც, როდესაც წესით უკვე უნდა დაწყებულიყო დაუმორჩილებელ მძღოლთა გამოვლენა და პრობლემის მოწესრიგება, თბილისში მოძრავ მიკროავტობუსთა დიდ ნაწილში კვლავ არ მუსაობდა კონდიცირების სისტემა.
მერიის სატრანსპორტო სამსახურმა დღეს კვლავ გაავრცელა ახალი განცხადება, სადაც აცხადებს, რომ სპეციალურად შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს უკვე აღმოაჩინეს დარღვევები სხვადასხვა სამარშრუტო ტაქსებში.
"დედაქალაქის მერის დავალებით შექმნილმა ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189-ს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა.
მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" ოპერატიულად აცნობეს.
ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ."-აცხადებენ მერიაში.