საქრთველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სასამართლოს თავმჯდომარეებს მოუწოდებს საქმეთა განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
აღნიშნულის შესახებ გვენეტაძემ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავმჯდომარეობის პერიოდში მას 150-მდე საქმე აქვს განხილული და „აქტიური მოსამართლეა“.
„ჩემი აქტიურობა შესაძლოა არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, თუმცა, თემაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც საზოგადოებას ნათლად უნდა განვუმარტოთ. სასამართლოში მოსამართლედ გამწესდება პიროვნება, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. მოსამართლეობა არის მთავარი სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების ეტაპზე; შემდეგ ამ მოსამართლეთაგან ხდება, საერთო სასამართლოების სისტემას ვგულისხმობ, მოსამართლის გამორჩევა, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადმინისტრაციული ფუნქციების ტვირთი უნდა ზიდოს, რასაც სასამართლოს თავმჯდომარის, ან მისი მოადგილის რანგი ჰქვია. მაგრამ არცერთი პოზიცია საერთო სასამართლოების სისტემაში გამწესებულ მოსამართლეს არ ათავისუფლებს სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორვციელებისაგან. თუმცა, გარკვეული საშეღავათო გარემოებები შესაძლოა ჰქონდეთ განსაზღვრული. დებულება, რომ მოსამართლე არ იხილავს საქმეს, მიუღებელი და წარმოუდგენელია“, _ აღნიშნავს გვენეტაძე და დასძენს, რომ „ვერ დავმალავთ, ჩვენ სისტემაში გვყავდა ადმინისტრაციულ პოსტებზე მოსამართლეები, რომლებიც საქმეთა განხილვისაგან აბსოლუტურად გამოთავისუფლებულები იყვნენ“.