ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი ვებ-გვერდის guria.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" თავმჯდომარის, მინდია სალუქვაძის თქმით, ერთ სივრცეში იქნება მოქცეული ყველა საჭირო ინფორმაცია.
სალუქვაძემ შეხვედრაზე თქვა, რომ პროექტის მიზანია: გურიის სამ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობების და მათ მიერ დაფუძნებული დაფუძნებული არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიდიული პირების საზოგადოებრივი მონიტორინგით.
"ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს აქვს თავიანთი ვებ-გვერდი, მაგრამ იქ საძიებო სისტემა არ არის ისე მოწყობილი, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა დროულად მოიპოვოს ინფორმაცია ანუ არაეფექტური საძიებო სისტემა აქვს. ახალ ვებ-გვერდზე კი ნებისმიერ პირს შეეძლება სწრაფ ტემპში ნახოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. ჩვენი მიზანი ის არის, რომ ხელი შევუწყოთ მოქალაქეების ჩართულობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში." – თქვა მინდია სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ვებ-გვერდზე ახლაც მიდის ინფორმაციების შეგროვება და ატვირთვა. პრეზენტაციის მეორე ნაწილში კი "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" წევრმა, ლევან მჟავანაძემ ვრცლად ისაუბრა ვებ-გვერდის შესახებ.