დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც დეპუტატებმა ერთადერთი საკითხი მოისმინეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მათ გააცნო განკარგულება: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივნისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილება, ძირითადად, ეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ ურთიერთპატივისცემას და არჩევნებში მონაწილეების შესაძლებლობების დაცვას. კერძოდ, ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, ერთ საარჩევნო სუბიექტზე უნდა განისაზღვროს 5 ათასი ცალი პლაკატის გაკვრა.
დეპუტატმა "ერთიანული ნაციონალური მოძრაობიდან", დავით მჟავანაძემ საკუთარი მოსაზრება გამოხატა. მჟავანაძეს დაინტერესდა, თუ ლეიბორისტულ პარტიას 15 ათასი ცალი პლაკატის დაბეჭდვა უნდა, რატომ უნდა აეკრძალოს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ დააკონკრეტა ცვლილების არსი:
_ ლეიბორისტებით რატომ იწყებ, საკუთარზე ილაპარაკე. ოზურგეთში, რაც ადგილებია განკუთვნილი სააგიტაციო მასალის განსათავსებლად, 100 ათასი ცალი რომ ერთმა გააკრას, სხვამ რა ჰქნას, მეტი რომ არ დაეტევა?თუ ერთმანეთზე გადააკრან? ამაზეა საუბარი, რომ ერთმანეთს პატივი უნდა სცენ, _ თქვა მან.
დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ "ნაციონალებს" ძველი დრო შეახსენა, თქვენ რით ვერ გაძეხით, არჩევნების დროს ნაგვის ყუთებზეც კი აკრავდით პლაკატებს და მერე ჩვენ გვაბრალებდით. ან დამთვლელი ვინაა, რამდენს გააკრავთ. "ნაციონალმა" დეპუტატმა მიხეილ გოგოტიშვილმა არ დააყოვნა და ღიმილით მიაგება, შენ პოპულარული სწორედ მაშინ გახდიო.
საბოლოოდ, ცვლილების შეჩერებისთვის კენჭისყრა აღარ გახდა საჭირო და განკარგულება უმრავლესობის თანხმობით დაამტკიცეს.
სხდომის დასრულებისას, სიტყვა გადასცეს საინფორმაციო ცენტრ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ გურიის ბიუროს წარმომადგენელს ნინო ვაშალომიძეს. მან დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია ცენტრის დირექტორის, გიორგი ფარეშიშვილის გურიაში სტუმრობის შესახებ:
_ 18 აგვისტოს საინფორმაციო ცენტრ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფარეშიშვილი გვეწვევა. ის ისაუბრებს დეპუტატებთან, რწმუნებულებთან და მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროინტეგრაციის, ნატოს და ევროკავშირის საქმიანობის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის, სხვადასხვა ერთობლივი პროექტების შესახებ და ამ საქმიანობაში წინ გადაგმული ნაბიჯების შესახებ. ეს იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და გთხოვთ, ყველამ მობრძანდეთ, _ უთხრა ვაშალომიძემ დეპუტატებს.