საჭირო მასალა: ნახევარი კილოგრამი ცოცხალი მაყვალი ან იგივე წონის მაყვლის ჯემი, ორი ჭიქა შაქარი, 400 გრამი მარგარინი, 5 ჭიქა პურის ფქვილი, 4 ცალი კვერცხი, სოდა ძმრით, ვანილი გემოვნებით.
მარგარინი კარგად ამოვიყვანოთ და დავდოთ ცალკე. შემდეგ შაქრითა და კვერცხით გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავუმატოთ მარგარინი, ფქვილი, ვანილი და კარგად მოვზილოთ საშუალოზე ნაკლები სისქის ცომი. თუ შევატყობთ, რომ ფქვილი სჭირდება, ცოტა დავამატოთ. შემდეგ მასის ნახევარი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, ზემოდან დავალაგოთ შაქარში ამოვლებული მაყვალი, ან წავუსვათ მაყვლის ჯემი. შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ცომი, კარგად მოვასწოროთ და შევდგათ გახურებულ აირღუმელში. საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში. როცა გამოვიღებთ, გაგრილდეს და თუ გვსურს ზემოდანაც წავუსვათ მაყვლის ჯემი, შემდეგ კი შაქრის პუდრა ან მხოლოდ შაქრის პუდრა მოვაყაროთ.