შავი ქლიავის მურაბა
შავი ქლიავის ჩირი, ჯემი თუ მურაბა ძალზე გემრიელი და ამავდროულად სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
მურაბის მომზადებისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ საჭმელი სოდა, რაც ნაყოფს მკვრივს ხდის და მურაბა დუღილისას არ ჩაიშლება.
საჭირო მასალა: 5 კგ შავი ქლიავი, 5 კგ შაქარი, ხუთი ჭიქა წყალი, ცოტა საჭმელი სოდა.
ქლიავის ნაყოფი გავხლიჩოთ, ამოვაცალოთ კურკები. შემდეგ მოვაყაროთ ორი სუფრის კოვზი სოდა, ავურიოთ კარგად და დავდგათ ერთი ღამით. დილით კარგად გავავლოთ ცივი წყალი, არაერთხელ გადავუწუროთ და შემდეგ დავასხათ ხუთი კილოგრამი შაქრით და ხუთი ჭიქა წყლით მოდუღებული სიროფი.
დავდგათ ასადუღებლად. დუღილისას არაერთხელ გადმოვდგათ. საბოლოოდ, როცა მოდუღდება, ჩავასხათ ქილებში და აუცილებლად ჰერმეტულად მოვხუფოთ.
შავი ქლიავის ჯემი
ხუთი კილოგრამი შავი ქლიავის ჯემის მოსამზადებლად ავიღოთ სამი კილოგრამი შაქარი. ქლიავს გამოვაცალოთ კურკა და დავაყაროთ შაქარი. დავდგათ 24 საათის განმავლობაში. შეუდგება თავისივე წვენი. ამ წვენში ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. წყალი არ დავუმატოთ. დუღილისას ზოგჯერ გამოვრთოთ და ძალიან ნუ გაამუქებთ. როცა მიიღებს დამწვარი შაქრის ფერს, მაშინ გადმოდგით და ცხლად მოხუფეთ. საუკეთესოა ღვეზელისთვის, ზოგადად ნამცხვრებისთვის.
შავი ქლიავი ცოცხლად შენახული
სამი კილოგრამი კურკაგამოცლილი შავი ქლიავი დავჭრათ კუბიკების მსგავსად, დავაყაროთ ორი კილოგრამი შაქარი და დავდგათ დილამდე. შეუდგება თავისივე წვენი და როგორც კი ვნახავთ, რომ შაქარი გამდნარია, გადავიტანოთ ქილებში. გავუკეთოთ 5-წუთიანი სტერილიზაცია და მოვხუფოთ.