ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება თავად ლორთქიფანიძემ ძალოვანი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლორთქიფანიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს არ ასახელებს..
„ჩვემთვის დიდი პატივი იყო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად მუშაობა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს ლოგიკური დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული. ოდესის პოლიციის ხელმძღვანელად დანიშვნიდან წელიწადნახევარში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პოლიციელს, რომელთანაც ერთად სირთულეებით სავსე გზა გამოვიარეთ“, _ აცხადებს გია ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ რომ, გია ლორთქიფანიძეს საქართველოს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა, გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.