„სიცოცხლე განსაზღვრული არტიკლით“ – ასე ჰქვია ახალგაზრდა მწერლის მარიამ წერეთლის სადებიუტო წიგნს, რომლის პრეზენტაცია გუშინ, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.
მინიმალისტური სტილით დაწერილ რომანში მოთხრობილია მძიმე სენით დაავადებული გოგონას განცდები და თავგადასავლები ავადმყოფობასთან გამკლავების ურთულეს გზაზე.
წიგნი ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა რელიგიური ფანატიზმი, ონკოლოგიურ დაავადებების სიხშირე, ევროპული მულტიკულტურიზმი.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მწერალ დათო ტურაშვილს, სწორედ მან „წამაქეზა“ წიგნად მექცია ჩემი რომანი, დიდი მადლობა ჩემს რედაქტორს გიორგი კაკაბაძეს და გამომცემლობა „პეგასის“ დირექტორს მარინა ცხადაიას დაუღალავი შრომის, რჩევებისა და თანადგომისათვის. ამჟამად მეორე წიგნზე ვმუშაობ და მკითხველს მალე შევთავაზებ, ჩემი აზრით, საინტერესო ნამუშევარს“ – ამბობს მწერალი მარიამ წერეთელი.