გასულ ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იგეგმებოდა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "გურიას" სპონსორობის მსურველებთან. თავიდანვე გაირკვა, რომ ეს ადამიანები მერაბ ჟორდანიას მხარეს არ წარმოადგენდნენ და საუბარი გასული სეზონის კლუბის ერთ-ერთ სპონსორზე _ გვარად ინაიშვილზე უფრო იყო, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და კლუბის ხელმძღვანელობასთან გარკვეული პრეტენზიები ჰქონია და ამაზე საუბარსაც აანონსებდა. რეალურად კი შეხვედრაზე მესამე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი ვიხილეთ, რომელმაც საკუთარი ხედვა წარმოადგინა კლუბთან მიმართებაში. თუმცა, შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ გამგებელი ზაზა ურუშაძე სპონსორობის ერთადერთ ვარიანტად მხოლოდ მერაბ ჟორდანიას მიიჩნევს. საკრებულოს წევრთაგან ამ ვარიანტს გამოკვეთილად დეპუტატი თემურ ალექსაიაც იზიარებს, რომელიც არც მალავს, რომ კლუბში ხელმძღვანელ პოსტზე დაბრუნება სურს.
მერაბ ჟორდანიას კანდიდატურა არც საკრებულოს სხვა წევრებისა და არც ფეხბურთის გულშემატკივართათვის არის მიუღებელი, იმ განსხვავებით, რომ ისინი მეტ კონკრეტიკას ითხოვენ, რაც, სამწუხაროდ, არ ჩანს. კვლავაც გაუგებარია, რას აპირებს თავად ჟორდანია და რა ხედვები თუ პროგრამა გააჩნია კლუბთან მიმართებაში.
ამასობაში ირკვევა, რომ მიუხედავად ასეთი ბუნდოვანებისა, გამგებელს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს ეს ვარიანტი. კლუბის ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის თქმით, ჟორდანიასთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ ის ამ დღეებში უცხოეთში მიდის "გურიასთვის" ლეგიონერების ჩამოსაყვანად და დირექტივაც მიუცია კლუბის მესვეურებისთვის, რომ მის ჩამოსვლამდე გუნდი გიგლა იმნაძემ და გიალო ჩხაიძემ ჩაიბაროს.
წესით "გურიას" მომავალზე არსებული კითხვების პასუხების კონტურები მაინც უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ამ შეხვედრამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
"კაცი არ ჩამოსულა, ისე დაუნიშნავს უკვე მთავარი მწვრთნელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჟორდანიას საერთოდ არ აინტერესებს ლანჩხუთის "გურია". დაგვპირდით, რომ სკაიპით მოხდებოდა მასთან ჩართვა, თუმცა, ტელეფონითაც ვერ ვახერხებთ დაკავშირებას. ასე ზეპირად ვაკეთებთ ყველაფერს და ვინ იღებს პასუხისმგებლობას შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე?" _ ისმოდა სხდომის მონაწილეთა რეპლიკები.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის ექს-თავკაცმა, კახა ებრალიძემ საინტერესო კითხვა დასვა: "იქნებ, ვერ მოიგოს ჟორდანიამ აუქციონი და სხვამ მოიგოს? მაშინ რატომ იღებს წინასწარ ის გადაწყვეტილებებს?"
ამ კითხვაზე პასუხი არავის ჰქონდა, დეპუტატმა ჩახვაძემ კი დაიქადნა: "პირობას გაძლევთ, თუ ის, რასაც გვპირდებით, არ შესრულდება და გუნდი ამ ლიგიდანაც გავარდება, ლანჩხუთში ვერ გაჩერდებით. ჟორდანიას მოსვლის წინააღმდეგი არავინაა. გვაინტერესებს, რამდენად რეალურია ეს. მის გარდა არის რამდენიმე პიროვნება, რომელთაც აქვთ გარკვეული ხედვები კლუბთან დაკავშირებით, მათ შორის ინაიშვილს, რომელიც გასულ სეზონზე სპონსორი უკვე იყო".
ზაზა ურუშაძემ ჩახვაძეს მყისვე უპასუხა: "თქვენ რა ვარიანტს გვთავაზობთ?! ჩამოყალიბდით ერთმანეთში და ჩემგან არაფერზე პრობლემა არ იქნება. მეტს მე ვერაფერს ვიზამ, თუკი უკეთესი ვარიანტი გაქვთ, თქვით. ჟორდანიასთან კონკრეტული საუბარი არ მქონია, რა და როგორ იქნება, ვის ათავისუფლებს და ვის ნიშნავს. აგერ დავურეკავ ახლავე თქვენს თვალწინ და მოგასმენინებთ, რას ფიქრობს," _ თქვა გამგებელმა და სატელეფონო ჩართვაც განახორციელა. სიმართლე ითქვას, ეს საუბარი კარგად არ ისმოდა _ ერთი კი გაიგო დარბაზმა, რომ ჟორდანია რამდენიმე დღეში აპირებს ლანჩხუთში ჩამოსვლას და მანამდე გუნდი გიგლა იმნაძეს ჩააბარა.
საგულისხმოა, რომ შესაძლო სპონსორად ინაიშვილის დაბრუნების ვარიანტის გაჟღერებამ, ურუშაძე თავიდან გააღიზიანა:
"ვინაა ინაიშვილი?! რომ იყო, ის?! ერთი პირობა არ შეუსრულებია, რაც მოგვცა. სამი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვდი, მოეძებნა და მოეყვანა ეს კაცი ჩვენამდე. სულ არ ვიცი, ვინ იყო, გუბერნიიდან მოიყვანეს თავის დროზე. მასთან ერთად კიდევ სომეხი ეროვნების მოქალაქეც იყო. კარგი ბატონო, თუ გინდათ, იყოს ინაიშვილი, მე წინააღმდეგი არ ვიქნები", _ დასძინა გამგებელმა.
შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ექს-გამგებელმა გია გოგუაძემ არსებულ გაურკვევლობაში ზაზა ურუშაძეს დასდო ბრალი:
"ურუშაძის დამოკიდებულებით მივედით ამ შედეგამდე. რაც აქ, ამ დარბაზში ხდება ჩვენი მასხრად აგდებაა. გამგებელს ყველაფერი წინასწარ აქვს უკვე გადაწყვეტილი და ტყუილად ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. ჟორდანიას გარემოცვიდან ვიცი, რომ თვეების წინ უნდოდა მერაბს ჩამოსვლა, მაგრამ აქედან უარი უთხრეს. ერთ კვირაში, ამ დარბაზში ვიტყვი ყველაფერს, რა, როგორ იყო და რა გაქვს გაკეთებული "გურიასთვის". ბიუჯეტი გაფლანგე, შედეგი კი _ არაფერია", _ თქვა გოგუაძემ.
ამან საბოლოოდ გამოიყვანა წონასწორობიდან მოქმედი გამგებელი, რომელმაც ყოფილს ბრალდებებითვე უპასუხა.
"შენი "რეჩების" მოსასმენად აქ არ მოვსულვართ, არაფრის უფლება არ გაქვს, ვერაფერსაც ვერ იტყვი. შენ ეტყობა რაღაცეები გესიზმრება საღამოობით და მერე დილას იმას ყვები. ყველაფერს ტყუილს ლაპარაკობ. მე სული და გული ჩავდე ფეხბურთში, შენ კი დაანგრიე ყველაფერი. რა გაქვს სათქმელი?! ამ ხელისუფლებას რა ვუთხარი, შენ რომ ლაპარაკის უფლება გაქვს. რვა წელი იქეთ-აქეთ რომ ათრევდი გუნდს, ჩემამდე რატომ არ გადაიყვანე უმაღლეს ლიგაში?! ლაპარაკის მეტი არაფერი შეგიძლია", _ გაცხარდა ურუშაძე.
ამ დაპირისპირების შემდეგ, მანამდე უჩვეულოდ მშვიდად მყოფმა ნუგზარ ცინცაძემ, იგივე "ცანცუამ" საინტერესო რამ განაცხადა. ტრადიციისამებრ, ეს ადამიანი ყოველთვის ახმოვანებს იმას, რასაც თანამდებობის პირები პირდაპირ ვერ ამბობენ. კერძოდ, მან პროცესი გარკვეულ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა და იმ ადამიანებს, რომლებიც კახა ებრალიძის გუნდის კლუბში დაბრუნების მსურველები არიან, მიანიშნა, რომ ეს არ მოხდება:
"მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი _ ზაზა ურუშაძემ ძალიან რომ მოინდომოს კახა ებრალიძის და მისი გუნდის მოყვანა, ვერც გაბედავს, არ დაანებებს მთავრობა ამას. კობიაშვილის წინააღმდეგი რომ იყო თავის დროზე და არველაძეს უჭერდა მხარს, იმიტომ. სწორედ ამით ისაზღვრება ყველაფერი", _ თქვა ცინცაძემ.
ეს მორიგი უშედეგო შეხვედრა უფრო გამოდგა, ვიდრე რაიმე გამოსავლის ძიება. სიტუაცია კი ძალიან რთულია და ამას კლუბის ფინანსური დირექტორი, თენგიზ კიკვაძეც ადასტურებს, რომლის თქმითაც, ის თანხა, რომელიც კლუბს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან წელს ერგება, საკმარისი არ არის და გუნდი ამ ლიგიდანაც გავარდნის რეალური კანდიდატია.
შეხვედრაზე დაისვა კითხვა, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას "გურიას" უმაღლესი ლიგიდან გავარდნაზე, მაგრამ ამაზე პასუხი არავის გაუცია, მათ შორის, არც მუნიციპალიტეტის გამგებელს და ამავდროულად, კლუბის მაშინდელ პრეზიდენტს ზაზა ურუშაძეს.