ისინი მორალურ კომპენსაციას მოითხოვენ”საქართველოს ბანკიდან”. ფილიალის მმართველობიდან ამ აქციას რეაგირება არ მოჰყოლია.
ლანჩხუთის ფილიალის მენეჯერმა მიხეილ ბალანჩივაძემ”გურია ნიუსთან” კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და გვთხოვა ბანკის პრესსამსახურის უფროსს სოფო ბალავაძეს დავკავშირებოდით.
ბალავაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ტექნიკური შეფერხება ფიქსირდება ოთხი ადამიანის ანგარიშზე.
_ ქალბატონო სოფო! ამ წუთებში თქვენი ბანკის ლანჩხუთის ფილიალთან საპროტესტო აქციას მართავენ დაზარალებულები, როგორც ისინი თავს უწოდებენ და ბანკისგან კომპენსაციის მიღებას მოითხოვენ მორალური ზიანის სანაცვლოდ, რაც ,მათი თქმით, საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღეს.
_ ჩვენ მოგვმართა 4 ადამიანმა – შოთა ფირცხალაიშვილმა, ჯანგულ ქინქლაძემ, რომან ბიწაძემ და ლილი ებრალიძემ. გუშინ მათ წერილობით ვაცნობეთ ჩვენი პასუხი, რომ მათ ანგარიშებს ყადაღა არ ადევს და საქმე ეხება ტექნიკურ ხარვეზს. არც ჩვენთვისაა სასიამოვნო მომსახურებაში ხარვეზის წარმოქმნა და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ტექნიკური წუნი.
_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია სხვა დაზარალებულების შესახებ? ლანჩხუთში”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ”კარდაკარის” პროგრამაში ჩართულმა 70 ადამიანმა თქვენს ბანკში ხელფასები ვერ აიღო.
_ ამ ფაქტის შესახებ არაფერი ვიცი. სხვა პირებს, გარდა ამ ოთხისა, ჩვენთვის არ მოუმართავთ.
_ აუცილებელია პერსონალურად მოგმართოთ თითეულმა მათგანმა?
_ რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება მათი ანგარიშების გადამოწმების საშუალება. საკმარისია, ისინი ჩვენი ბანკის ლანჩხუთის ფილიალს დაუკავშირდნენ და ადგილზე გაარკვევენ , შესაძლებელია თუ არა მათ ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება.
_ ქალბატონო სოფო! სხვა დროს თუ ყოფილა”საქართველოს ბანკში” მსგავსი პრობლემა? იგულისხმება ტექნიკური ხარვეზი მომსახურებაში?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, ბანკის არსებობის ისტორიაში იყო თუ არა მსგავსი ფაქტი. მე არ მახსენდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ მოუმართავს კლიენტს მსგავსი პრეტენზიით.
_ ეს ადამიანები, თავიანთი საქმიანობით, დაკავშირებული არიან ოპოზიციურ კოალიციასთან და უჩნდებათ ეჭვი, რომ საქმე აქვთ პოლიტიკურ ანგარიშსწორემასთან.
_ ამაზე ვერაფერს გეტყვით. თქვენს ვებგვერდზე ვნახე გამოქვეყნებული ბანკომატის ქვითრები, რომლებზეც მითითებული თანხები მხოლოდ ტექნიკური დეფექტის შედეგია. არც ჩვენთვისაა სასიამოვნო სიტუაცია. ყველანაირად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის ინტერესები და გავასწოროთ ხარვეზი. მაგრამ სავარაუდოდ, ამას ორშაბათამდე ვერ მოვახერხებთ. ამ უსიამოვნებისთვის ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს.