შეხვედრა ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ბაქრაძესთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ბაქრაძემ ზოგადად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმაზე თუ “რამხელა წინსვლას მიაღწია სახელმწიფომ ბოლო 8 წლის მანძილზე”. მან, აგრეთვე, ისაუბრა ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე.
შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ამომრჩეველს წარუდგინა ლანჩხუთის დეპუტატობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლანჩხუთის ამჟამინდელი გამგებელი გიორგი გოგუაძე. დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ გოგუაძე კარგად გაართმევს თავს სადეპუტატო პასუხისმგებლობას. მისი თქმით, ნებისმიერ ლანჩხუთელს შეეძლება პრობლემის მოსაგვარებლად დაუკავშირდეს საკუთარ დეპუტატს პარლამენტში.
დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ხუმრობით ისიც უთხრა, ეჭვი არ მეპარება, რომ ლანჩხუთი ხუთიანს შემოხაზავთ, რადგან თქვენი ქალაქის სახელწოდებაში “ხუთიანი” ურევიაო.































































