ეს გამონათქვამი ხარატიშვილმა, კოალიციისთვის შვიდიანის ნაცვლად, ორმოცდამეერთე ნომრის მინიჭების კომენტირებისას გააკეთა:
_ ტექნიკური საკითხი პირდაპირ გამიპოლიტიკურეს. არ ეკუთვნოდათ; მერე თქვეს, რომ, გინდა თუ არა, ჩვენიაო. არადა, შეეძლოთ აეღოთ, რაც ვერ მოიფიქრეს თუ არ მოიფიქრეს და ბოლოს, ასე დაატრიალეს. ამაზე ცოტა კი გავბრაზდი.
_ ბატონო ზურაბ, თავიდან რომ გაგეფრთხილებინათ არ შეიძლებოდა?
_ როგორ არის, იცით? ეგენი ხომ ბრუნვაზე ზიან, ბუზს არ აიფრენენ, არაფერს იკითხავენ, არც მოგისმენენ… თან, კოდექსსაც არ შლიან. დავით აქუბარდიას გადაცემაში ვიყავი ამას წინათ და შემჭამა, რატომ არ ასწავლეო. შეიძლება ასწავლო იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ისწავლოს! ვინც არ გისმენს, არ გეკარება და თავი კომბოსტო ჰგონია, იმას როგორ უნდა ასწავლო?!
_ “ქართული ოცნება” არ გისმენთ?
_ ვაი… ზოგიერთები და არა მარტო ეგენი. ეს უკვე ძალიან პოლიტიკური კითხვა დამისვით. მასე არ არის, მაგრამ შეიძლებოდა რაღაცის დაზუსტება… რაც საინტერესო იყო, შეეძლოთ 7 ნომერი მიეღოთ ბოლო წუთამდე _ 19-ის საღამომდე. არ ქნეს… და რა ვიცი. არ იცოდე, არ გესმოდესო, ეგეთი რამეა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ ჰგონიათ თავი კომბოსტო?
_ არა, არა, ეგ მე არ მითქვამს…
_ არადა, თქვით…
_ ზოგადად ვთქვი, კონკრეტიკის გარეშე.
როგორც ჩანს, ცესკოს თავმჯდომარეს ფრთიანი გამოთქმის გამოყენება უნდოდა “თავი კიტრად მოაქვსო”, მაგრამ კიტრი კომბოსტოში აერია!