კავშირი ტელე-რადიო მაუწყებლობის, პრესის, ელექტრონული მედიის ხელმძღვანელობას მმართველი საბჭოს ღია კრებების დაწესებას ურჩევს, სადაც მოქალაქეებს დასწრების და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის უფლება მიეცემოდათ.
„ტელემაყურებელთა კავშირი“ ამერიკიდან დაბრუნებულმა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ დააფუძნა. კავშირის მიზანია მედია გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მისი მუშაობის საზოგადოებრივ ინტერესებთან მიახლოება.
„ნებისმიერი მედიასაშუალება, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე.
შეუძლებელია რაიმე სხვა ინტერესის უპირატესობის დაწესება და ადამიანებით მანიპულირების, შეგნებული სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის არგავრცელების, ძალადობის, პორნოგრაფიისა და სიძულვილის პროპაგანდის გამართლება პოლიტიკური, კომერციული, კორპორატიული ან სხვა ინტერესებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სურვილთან და ინტერესთან – მიიღოს სრული და მართალი ინფორმაცია,“- ნათქვამია კავშირის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
კავშირი ტელემედიის მფლობელებს ორი კვირის განმავლობაში მფლობელთა ვინაობისა და ფინანსური ოპერაციების გასაჯაროებას სთხოვს.
ტელემაყურებელთა კავშირი მიიჩნევს, რომ ტელევიზიების მიერ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მედია გარემო ბევრად გამჭვირვალე გახდება, ხოლო მაყურებელი ბევრად ინფორმირებული.
კავშირის დამფუძნებელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება იმ ტელევიზიებს არ გაუჭირდებათ, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ხოლო ვინც კავშირის მოთხოვნას უგულვებელყოფს, „ამით საზოგადოებას რეალურ შთაბეჭდილებას შეუქმნის“.