პრეზიდენტის ოზურგეთში ჩასვლას, ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი ადასტურებს.
_ გუშინ გადაწყდა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილის წარდგენა მომხდარიყო 1 სექტემბერს, ოზურგეთში, _ გვითხრა ირმა ნადირაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ “გურია ნიუსის” ჟურნალისტებმა აკრედიტაცია გავიარეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დღევანდელ შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ აპარატურის გარეშე მოგვეცემა.
როგორც ირმა ნადირაშვილმა გაგვიცხადა, დღევანდელ შეხვედრს აკრედიტირებული ჟურნალისტებიც ვერ დაესწრებიან.
_ არცერთი მედიის წარმომადგენელი იქ არ იქნება, შეგვიძლია, როგორც წინა შეხვედრებზე, კამერის გარეშე შეგიყვანოთ. ყველა მედიასაშუალებას ჩვენ მივაწვდით კადრებს, _ განაცხადა ირმა ნადარიშვილმა.
აქედან გამომდინარე, საქართველოში, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაც კი, მედიისთვის “დახურულ კარებს” მიღმა ხდება. როგორ წარადგენს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამაზ ნიკოლაიშვილს და რა სიტყვებით შეამკობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, სავარაუდოდ, ამის გაშუქების “ბედნიერება” პირდაპირი ეთერით, კვლავ ხელისუფლების რჩეულ ტელევიზიებს ექნებათ.