წულუკიანის განცხადებით, ალექსანდრე უსოევი გლდანის ციხიდან 2012 წლის აპრილში გათავისუფლდა. იგი 2010 წლის ივლისში დააპატიმრეს და სასჯელს გლდანის ციხეში, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ორთაჭალაში და ბოლოს გლდანის მე-18 დაწესებულებაში ე.წ. „რეზბალნიცაში“ იხდიდა.
„ალექსანდრე უსოევზე ძალადობა გლდანის ციხეში მოხვედრისთანავე განხორციელდა. ციხის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ვინმე ვიქტორმა მას ცემის დროს ყბა მოტეხა. 2010 წლის ივლისში ვაჟა ცხვედიანმა, ალექსი თოლორდავამ და გიორგი ავსაჯანიშვილმა განახორციელეს უსოევის ჯგუფური ცემა, რის შედეგადაც მას გაუსკდა ნაწლავი. მუცელზე აქვს ოპერაციისა და ცემის მრავლობითი კვალი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იგი ყველა ჩამოთვლილი პირის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. „გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ სახელით, მე ვითხოვ, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ ბაჩო ახალაიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხით, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც 2006 წლის გაზაფხულიდან ციხეებში ამკვიდრებდა ძალადობის, ადამიანის ღირსებისა და ფეხქვეშ გათელვის კულტურას. როგორც „ძალადობის კულტურის“ ავტორი ახალაია უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა მიმართა ხელისუფლებას, არ დაუშვას არ დაუშვას ალექსანდრე უსოევზე, ან რომელიმე სხვა ყოფილ პატიმარზე ხელის აღმართვა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved