კახა ჟორჟოლიანმა ზუგდიდის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 20 სექტემბერს მას დაუკავშირდნენ ტელეფონით და უთხრეს, აუცილებლად მისულიყო მესტიის #47-ე საარჩევნო უბანში:
_ არანაირი საკითხი არ იხილებოდა და არ იდგა დღის წესრიგში. ვიკითხე, რატომ უნდა მივსულიყავი. მითხრეს, იხილება რაღაც საკითხიო. ამ დროს, ტელეფონში გავიგონე არჩილ სოფრომაძის ხმა _ მოვიდეს, მოვიდესო. მივედი, როდესაც კარი შევაღე, სხდომა უკვე დაწყებული იყო. მარჯვენა და მარცხენა მხარეს მაგიდები დგას, კომისიის ყველა წევრი თავის ადგილას იჯდა, ერთადერთი ადგილი თავმჯდომარის გვერდით იყო. რადგან კანონით მეკრძალებოდა მის გვერდით დაჯდომა, მოვითხოვე სკამი და შემდეგ ოთახის შესასვლელთან დავჯექი. ვიკითხე, რატომ მომიყვანეთ, რა იყო დღის წესრიგში ასეთი,-მეთქი. მითხრეს, ლეიბორისტული პარტიის წევრების წერილის საფუძველზე ვიხილავთ საკითხსო. მოვითხოვე წერილი და მათ ვუთხარი, რომ არ მივცემდი არაკანონიერად რაიმე საკითხის განხილვის უფლებას. ჩვეულებრივად ვიკამათეთ, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.
სამუშაო პროცესში დავა არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მათ, რისი გაკეთებაც უნდოდათ, არ დავეთანხმე, შემოვტრიალდი და კარებში გამოვედი. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ხელი მომკიდა, შემომატრიალა, არ წახვიდეო, საკითხი უნდა განვიხილოთო, მაგრამ მე არ დავრჩი და წამოვედი. ეს იყო ის, რაც იქ მოხდა. საინტერესოა, საერთოდ აქვს თუ არა არჩილ სოფრომაძეს იქ ყოფნის უფლება?!
მოსამართლის კითხვაზე, იცნობდა თუ არა ის ნინო ჩხეტიანს, რომელმაც ახსნა-განმარტება დაწერა პოლიციის მუშაკთან, ვინმე ჭეჟიასთან, კახა ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ ჩხეტიანი არის საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი და რამდენჯერმე შეამჩნია, “ქართული ოცნების” ოფისთან რომ მივიდა და სურათები გადაიღო.
როგორც სასამართლოზე გაირკვა, ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ახსნა-განმარტება დაწერეს პოლიციასთან იმის შესახებ, რომ ჟორჟოლიანმა კომისიის სხდომაზე იკამათა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან.
კახა ჟორჟოლიანის ადვოკატმა, მოსამართლე კეკენაძეს განუმარტა, რომ “სოფრომაძეს არ აქვს უფლება, იმყოფებოდეს საარჩევნო ოლქში სხდომებზე, რადგან მისი სტატუსი უცნობია. ადვოკატის განმარტებით, სოფრომაძე აშინებს მესტიის პოლიციას, გამგებელს, ყველას ხელებს უბრახუნებს მაგიდაზე. მესტიაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას ეშინია მისი. რასაც იტყვის სოფრომაძე, ყველა იმას აკეთებს”
მოსამართლე კეკენაძემ ჟორჟოლიანს უთხრა: “დავიჯერო, თბილისიდან ჩამოსული სოფრომაძე მესტიაში ხალხს აშინებს?”
კახა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესს მესტიიდან ჩამოსული ხალხი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
კახა ჟორჟოლიანმა, როდესაც ბადრაგს ციხეში გადაჰყავდა, ჟურნალისტების კითხვაზე, რას უკავშირებდა მის დაკავებას, განაცხადა: “პოლიტიკას, რადგან იციან, რომ მესტიაში მათ არავინ მისცემს ხმას.”
კახა ჟორჟოლიანი სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაჰყავთ