– გუშინ ქალაქ წნორში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ ძალადობის შედეგად, დაშავდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, მათ შორის, ერთი ქალბატონია;
– გუშინ ადიგენის რაიონში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სხეულის დაზიანებები მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს, რომელმაც გააპროტესტა საკუთარი სახლის ღობეზე „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის გაკვრა;
– გუშინ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააშინა და საქართველოდან გაძევებით დაემუქრა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე აზერბაიჯანული წარმოშობის საჯარო მოხელეს;
– გუშინ იგივე ლუკა კურტანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააშინა და დაემუქრა კიდევ ერთ საჯარო მოხელეს, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაეწერა განცხადება საჯარო სამსახურის დატოვების თაობაზე.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი რეაგირებისთვის.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს და ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ არ დავუშვათ ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობის გამოსაწვევად, სიძულვილისა და შუღლის გასაღვივებლად. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ ვალდებულების პირნათლად შესასრულებლად.
ძალადობისა და დაძაბულობის გამოწვევა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არა მარტო ზიანს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს, არამედ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, განსაკუთრებით, ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული რუსული სამხედრო მობილიზაციის ფონზე.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, უარი თქვას ძალადობისა და სიძულვილის გაღვივებაზე და დაუყოვნებლივ აღკვეთოს საკუთარი პოლიტიკური ლიდერებისა და მხარდამჭერების უკანონო ქმედებები.“ _ აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.