მშობლები და მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოების შესაძენად მაღაზიიდან მაღაზიაში დადიან და და შინ ხელცარიელი ბრუნდებიან.
"თბილისი ცენტრალში" მისულს, გაღიზიანებული გამყიდველი დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ მეასე მოქალაქე ვიყავი, ვინც სასკოლო წიგნები იკითხა. ხელცარიელი გამოვბრუნდი _ რა აზრი ჰქონდა, ამეხსნა, რომ მისი მაღაზიაც მეასე იყო, სადაც წიგნების შეძენას ჩემი შვილებისთვის ორი დღის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი?!" – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
"გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, რამდენადაა მშობლებისთვის ხელმისაწვდომი სასკოლო წიგნების შეძენა. "თბილისი ცენტრალში" ჩვენც იგივე გაგვიმეორეს, თუმცა, მიგვასწავლეს, რომ სასკოლო წიგნების შეძენას მხოლოდ "საქართველოს ფოსტის" განყოფილებებში შევძლებდით.
აღმოჩნდა, რომ ვაგზლის # 2-ში მდებარე "საქართველოს ფოსტის" შენობაში მართლაც იყიდება სასკოლო წიგნები, ოღონდ _ კლასგარეშე. როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობს, წელს განათლების სამინისტრომ მათ არ მისცა უფლება, რომ ძირითადი სასკოლო სახელმძღვანელოები გაეყიდათ.
მანვე მიგვასწავლა, რომ სასკოლო წიგნის ყიდვა "თბილისი ცენტრალის" წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში შეგვეძლო, იქ, სადაც მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობენ და "ოქროს ბირჟა" მდებარეობდა.
ამ მიწისქვეშა გადასასვლელში ორი მხრიდანაა შესაძლებელი ჩასვლა, ერთი _ ბაზრობის მიმდებარე მხრიდან, ხოლო მეორე _ ფიროსმანის ქუჩიდან. სწორედ ამ ჩასასვლელიდან სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის მსურველს, პირდაპირი გაგებით, განავლის კოჭებამდე ფენაში უწევს გავლა!
"სინათლის ქალაქში" საზოგადოებრივი საპირფარეშოების დეფიციტის პირობებში, როგორც ჩანს, მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელ-გამომვლელი ბუნებრივ მოთხოვნილებას აქ იკმაყოფილებს; მაგრამ, ჩასასვლელთან ფეკალური მასის მთელი მდინარე, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, საკანალიზაციო მილიც დაზიანებულია და ფეკალური მასითაა ყველაფერი დაფარული. სწორედ აქ დგანან მშობლები გრძელ რიგებში სასკოლო სახელმძღვანელოებში საკმაოდ ძვირი საფასურის გადასახდელად. ჩვენი იქ მისვლის დროს, რიგში მდგომნი პროტესტს მხოლოდ სუნს უცხადებდნენ და ცხვირზე ხელს იფარებდნენ.
ვიდეოკამერის დანახვისას, ამ რიგიდან მოშორებით მდგომი ადამიანი, რომელიც იქაურობას აკონტროლებდა, ჩვენთან მოვიდა, გვკითხა, აქ რატომ იღებთო, და კამერის წართმევა დააპირა. ჩვენს კითხვაზე, რის საფუძველზე გვიშლიდა ვიდეოგადაღებას, გვიპასუხა, რომ დასუფთავების სამსახურიდან იყო (?!).
რამდენიმე წუთში, "დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის" მიერ გახორციელებული სატელეფონო ზარების შემდეგ, ჩვენთვის ვიდეოგადაღებაში ხელშეშლა და კამერის წართმევა კიდევ ორმა უცნობმა მამაკაცმა სცადა. ისინი აცხადებდნენ, რომ მყიდველები იყვნენ და არ სიამოვნებდათ, რომ ვუღებდით. თუმცა, ე. წ. "მყიდველები" არც რიგში მდგარან და ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, არც წიგნებით დაინტერესებულან.
სატვირთო მანქანის მძღოლმა, საიდანაც წიგნებს ტვირთავდნენ, გვითხრა, რომ სასკოლო წიგნები "პეპელადან" მოიტანა.
"გურია ნიუსი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. კითხვაზე, სად შეუძლიათ მშობლებს სასკოლო წიგნების შეძენა, მხოლოდ ვებგვერდის მისამართი მიგვითითეს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო წიგნების შეძენა თბილისში მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში შეიძლება: ,,სანტა ესპერანსა” – ყაზბეგის #24; ,,დიოგენე” – ა. აფაქიძის ქუჩა #N9; ,,ლიბრა” _ "მეგალაინში"; ,,პრიმა ჯგუფი" _ ვაგზლის მოედანი #2; ,,წიგნის სახლი" ვარკეთილი _ ქარვასლა 2003.