როგორც სურმავას მეუღლემ, მაკა ლობჟანიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, სურმავა სახლში 2 საათით გაჩერდა და წავიდა:
_ დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდა სახლში. დაღლილი და გამხდარია. დეტალებზე, თუ რა მოხდა, საუბარი არ გვქონია, _ გვითხრა ლობჟანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბესო სახლში რამდენიმე დღეში გამოჩნდება:
_ დასვენება სჭირდება და როგორც მითხრა, რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ტელეფონით გვექნება კონტაქტი. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა, _ აღნიშნა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბესო სურმავა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გავრცელებული კადრების თანახმად, სურმავას მბვ-ს მარკის ავტომობილმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში მიაკითხა და წაიყვანა. მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში კი იუთუბზე გაჩნდა მიმართვა, სადაც სურმავა აღნიშნავდა, რომ მისი ვალი იყო, საზოგადოებას ყველაფერი გაეგო “ქართულ ოცნებაზე”. ამ მიმართვას მოჰყვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გავრცელება, რომელშიც კოალიციის ლიდერები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ და რომელიც, სურმავას მტკიცებით ბიძინა ივანიშვილის დავალებით იქნა ჩაწერილი.’
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, სურმავას ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ მიმართვა, ივანიშვილის პირადი დაცვის წევრს, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ დააწერინეს.
აღნიშნულის შესახებ პირველი ინფორმაცია “გურია ნიუსმა” გაავრცელა.
































































