– "ლევანი დაგეხმარებათ, რომ ინსტრუმენტებით და სხვა რაღაცებით, რაც გჭირდებათ. მართალია, მისი უფლებამოსილების ვადა იწურება, მაგრამ ვადის ბოლოსთვის ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს. ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამას. ამაზე უკეთესი მემკვიდრეობა უახლოეს პერიოდში _ ბათუმს ვაჩუქეთ ორი ახალი უნივერსიტეტი _ რა იქნებოდა", – განაცხადა სააკაშვილმა.
ახალი სასწავლებელი იმ შენობაში გაიხსნა, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატისათვის შენდებოდა და რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის ადგილას ბათუმის #1 კლინიკური საავადმყოფო იყო განთავსებული, რომელიც შემდეგ ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუერთდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. აჭარის მოქმედი მთავრობის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შენობა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი კი 1995 წლიდან 2009 წლამდე იმ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ოპერის თეატრად (ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრად) გადაკეთდა. სწორედ ამ შენობაში შედგა გათანამედროვებული "ქეთო და კოტეს" და "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები კი ამ დრომდე, ფიროსმანის ქუჩაზე ერთ-ერთი გალერეაში სწავლობდნენ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაში" ეგოისტურ ნაბიჯად აფასებენ. კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, ვარშალომიძის ეს ქმედება ეგოისტურია, რადგან მათ არ უნდოდათ განახლებულ შენობაში აჭარის ახალი მთავრობა ეხილათ და სწორედ ამიტომ გადასცეს უნივერსიტეტს.