რამდენიმე დღის წინ, აკაკი მინაშვილი ქობულეთში იმყოფებოდა და გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების ის ნაწილი შეკრიბა, რომელსაც განაკუთრებულად ენდობოდა. როგორც “გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა, აკაკი მინაშვილმა შეკრებილებს უთხრა, რომ ერთი გუნდი არიან, ერთად უნდა იდგნენ და სულ მალე, ისინი კვლავ ხელისუფლებაში იქნებიან. წყაროს ცნობით, აკაკი მინაშვილმა თათბირზე მისულები გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეტოვებინათ თანამდებობა, რაც არ უნდა მომხდარიყო, რადგან “ნაცმოძრაობას” თვითმმართველობაში თავისი კადრების გაძლიერება ჭირდება.
“ერთგულ”დეპუტატებს მოუხმო და თათბირი ჩაუტარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმაც. როგორც წყარო აცხადებს, თათბირზე ერთგულებაზე იყო საუბარი, რომ ისინი ერთი გუნდი არიან და არსად გადასვლას არ აპირებენ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და ახალი სლოგანიც მოიფიქრეს: “გვერდით მდგომის მოღალატეს დამმარხველი არრა ჰყავდეს!“
ანალოგიური თათბირი, იგივე ტექსტით კახეთის გუბერნატორმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმაც ჩაატარა.
თათბირების პარალელურად, დარჩენილი კადრების გულისმოგების მიზნით, პრემიებიც დარიგდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში, გუბერნიის დასაქმებულმა თანამშრომლებმა პრემიები მიიღეს, თუმცა რა დამსახურებისთვის, ჯერჯერობით, მედიისთვის უცნობია. პრემიები გუბერნიის თანამშრომლებმა წინასაარჩევნოდაც მიიღეს. ახლა, სავარაუდოდ, ისინი არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის დაასაჩუქრეს. მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების გაცემა არჩევნების შემდეგ შეჩერებულია, გუბერნიაში პრემიებს ირიგებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ პრემიების გაცემა საიდუმლოდ მომხდარა.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ გუბერნიაში პრემიები დარიგდა, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი „გურია ნიუსთან“ ადასტურებს.