ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძის თქმით, ის ორშაბათიდან შეუდგება ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას: _ პირველი, რაზეც დავიწყებ მუშაობას, ეს იქნება ტარიფების თემა. ყველა კომპანიის ხელმძღვანელობას შევხვდები, რომელსაც კი ეხება ეს საკითხი დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც ამას სპორტში ვაკეთებდი, _ გვითხრა კახი კალაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სამინისტროში მისვლისთანავე დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას: _ სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. მე ვიქნები ძალიან პრინციპული, ძალიან მომთხოვნი თანამშრომლების მიმართ, მაგრამ ვიქნები სამართლიანი. საზოგადოებამ უნდა აღადგინოს სამართლიანობა. პირველ ეტაპზე მოხდება კუდ-ის და სოდ-ის გაუქმება, მაგრამ ეს ნეგატიურად არ აისახება არც ერთ თანამშრომელზე და მოხდება ექსცესების გარეშე. კუდ-ის ფუნქციები გადანაწილდება, სოდ-ი კი სხვა დეპარტამენტს შეუერთდება”, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
_ ბატონო ირაკლი, იქნება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ღია?
_ ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები და ღია ვიქნებით, _ გვითხრა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალდანიშნულმა მინისტრებმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის სახლში გადაინაცვლეს, სადაც ახლა მთავრობის სხდომა იწყება.
































































