აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა, ისევე, როგორც გურიის საპატრულო პოლიციის სამსახური და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე ქვეგანყოფილება. მალე ავტონომიის დაქვემდებარებაში საჯარო რეესტრიც გადავა. საუბარია, რომ იგივე ბედს გაიზიარებს სააღმსრულებლო ბიუროს გურიის ოფისი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოც. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესებით გურიის რეგიონის დაკნინების მცდელობას აქვს ადგილი. გურიის გუბერნატორი კი ამ ყველაფერში, პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ხელმძღვანელი პირი სად წავა თათბირზე _ სენაკში თუ ბათუმში. ის, რაშიც გურიის გუბერნატორი პრობლემას ვერ ხედავს, ექსპერტები კანონდარღვევას უწოდებენ.
ყველას კარგად ახსოვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ გასართობი ცენტრი “ციცინათელა”, თურმე აჭარის ტერიტორიაზე ყოფილა განთავსებული. არადა, ამ განცხადების შემდეგ გურიაში ამბობდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს, თუ სად და რომელი რეგიონის ტერიტორიაზე იმყოფება. მოტივაცია, რომ აჭარა და გურია საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, საკმარისი არ არის და ხელისუფლება ვალდებულია, აუხსნას საზოგადოებას, რა შეიცვლება ამა თუ იმ უწყების სხვა რეგიონში გადატანით, რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ პროცესებმა ჩვენს რეგიონს.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ გვითხრა, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ არ ფლობს _ “მოიკვლევს და დაგვიკავშირდება”. მანამდე კი კომენტარისთვის, ამავე უწყების პრესსამსახურის თანამშრომელს, ეკა ჩიჩუას ვესაუბრეთ, რომელმაც იოსავასთან დაკავშირება გვირჩია.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, “საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ოპერატიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს სამინისტროდან ინფორმაციისა ან მოხელის კომენტარის მოსაპოვებლად”, თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ ჰქონოდათ ინფორმაცია იოსავასა და ჩიჩუას, მაშინ, როცა მათ ვებ-გვერდზე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ განთავსდა.
გურიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესებით ხელისუფლებას გურიის, როგორც რეგიონის კიდევ უფრო დაკნინება სურს.
“ძალიან საინტერესო წიგნი აქვს თედო სახოკიას. განსაკუთრებით მეამაყება ჩემი გურულობა, როცა დიდი მოგზაურის აღტაცებით მონათხრობს ვკითხულობ, რომ გურიაში უმთავრესი რესურსი ყოველთვის გურულების ინტელექტი იყო, რომ ამ კუთხის ყველა სოფელში ფუნქციონირებდა ქოხ-სამკითხველოები. უნიჭობას არც შრომაში იჩენდნენ გურულები. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გურიის მეაბრეშუმეთა კოოპერაცია, მეეტლეთა და ხელოსანთა არტელები სამაგალითო იყო მთელ ქვეყანაში. მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში გურიამ და გურულებმა ქვეყნის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. საკმარისია ვახსენოთ ისეთი წმინდა და ბუმბერაზი ადამიანების სახელები, როგორიცაა გაბრიელ ეპისკოპოსი, ექვთიმე ღვთისკაცი, მოსე გოგიბერიძე და სხვ. ახლა გადავხედოთ დღევანდელ რეალობას გურიაში, ჩვენს წინაშეა გულგრილი ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავის მოსახლეობას, თავის ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც უგულებელყოფს საზოგადოების სურვილს, მისწრაფებებს, ართმევს მას არჩევნის თავისუფლებას; ეს არის ხელისუფლება, რომელმაც თავისი ქვეყანა მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყანამდე მიიყვანა. მომხმარებელ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ფსიქოლოგია კი, ძალიან ახლოს დგას მონურ ფსიქოლოგიასთან, ასეთი საზოგადოების მართვა გაცილებით მარტივი და ადვილია. არსებული ხელისუფლება მოქალაქეებს უყურებს როგორც საარჩევნო ბიულეტენს. საპრეზიდენტო არჩევნების გურიის რეგიონში წაგების შემდეგ კი, ხელისუფლება განსაკუთრებული სტრატეგიითა და ტაქტიკით ცდილობს გურიის, როგორც მხარის დაკნინებას და მოსახლეობის უკიდურესად გაღატაკებას. ცდილობს როგორმე დათრგუნოს ინტელექტუალურად დაუმორჩილებელი გურია, გამოსტაცოს რეგიონს ადმინისტრაციული ბერკეტები და გაურთულოს მოსახლეობას ისედაც დუხჭირი ცხოვრება”, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბარში თემურ სალუქვაძემ და დასძინა, რომ ამის დასტურია, გაუხმაურებლად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების გურიის რეგიონიდან სხვა რეგიონებზე მიბმა: _ ეს ჩვენი მხარისთვის მიუღებელი და დამამცირებელია. მხარემ, როგორც ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სრულად უნდა განახორციელოს თავისი სტრუქტურების მეშვეობით უფლებამოსილება. არსებული და (ფაქტობრივად _ არარსებული) თვითმმართველობის ინსტიტუტის პირობებში, ეს კიდევ უფრო არაეფექტურს და უფუნქციოს ხდის სამხარეო ადმინისტრაციას.
ეს პროცესები მხოლოდ ერთადერთს _ გურიის რეგიონის დაკნინებას ემსახურება. არსებულ ხელისუფლებას რა მოუვა თავში, ამის გათვლა ძალიან რთულია, ის ლოგიკას აღარ ექვემდებარება, მწარე რეალობაში ვიმყოფებით. ერთხელ დავწერე კიდეც და მინდა გავიმეორო: გურულებო, ფხიზლად ვიყოთ! ჩვენი ინტერესების დამცველი, პირველ რიგში, ჩვენვე უნდა ვიყოთ. ასეთი უპასუხისმგებლო და უნიათო ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც არავითარი რესურსი უკვე აღარ გააჩნია, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ, _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ ბატონო თემურ, ალბათ გახსოვთ, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილება, იმ მიწებთან დაკავშირებით, რომელიც აჭარის, კონკრეტულად კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა გადასულიყო. მაშინ საზოგადოების მხრიდან ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. ამ პროცესებში ჩაერთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მაშინ, ეს პროცესი შეჩერდა. მაგრამ დღეს რატომღაც, ამაზე არავინ საუბრობს _ არც ხელისუფლების, არც საკრებულოს, არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
_ მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვცდილობ, მკაცრი ოპონირება გავუწიო არსებულ რეჟიმს. ზოგჯერ ამა თუ იმ საკითხზე ვპოულობთ სიტყვიერ თანხვედრას, მაგრამ სამწუხაროდ, მას, როგორც წესი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. არაერთხელ გამიჟღერებია იმ ფაქტების შესახებ, რის გამოც ალბათ ყველა ოზურგეთელი გაღიზიანებულია. მაგალითისთვის, პრეზიდენტის მიერ გურიის ტერიტორიის აჭარის ტერიტორიად მოხსენიება. გურიის რეგიონის, ვაგონის მსგავსად, სხვადასხვა რეგიონზე მიბმა ვფიქრობ, რომ ეს არის ზემოთ აღნიშნული პროცესების ლოგიკური შედეგი, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონის ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ისმის კითხვა _ საჭიროა თუ არა ასეთი ხელისუფლება? მტკიცედ მინდა განვაცხადო, საქართველოში არსებული ადმინისტრაციული მოწყობის პირობებში, თუ რეგიონის ხელისუფლება არ ცდილობს, თავისი როლი სწორად დაინახოს რეგიონის მართვაში, მაშინ ის ფუნქციას კარგავს. პროცესმა შეიძლება უფრო სიღრმისეული ხასიათი მიიღოს და გურიის მხარე უამრავი სხვადასხვა ტიპის პრობლემის წინაშე დააყენოს. მართალი გითხრათ, რეგიონული ხელისუფლების მხრიდან პრობლემების მოგვარების სურვილსა და პოტენციალს ვერ ვხედავ და ვერც იმ მზაობას, რომ მათი ხელისუფლების პირობებში გზა დაუთმონ პროფესიონალ, უნარიან ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტად იზრუნებენ თავისი მხარისათვის. მე მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იმსჯელონ და რეალურად შეაფასონ არსებული ვითარება, რათა გადაიდგას ნაბიჯები აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად. არსებობს საკითხები, რომელიც ყველა პარტიაზე და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას. ჩვენ მზად ვართ გავმართოთ დიალოგი ყველასთან, რათა ერთიანი ძალებით შევაჩეროთ გურიის მხარის დაკნინების პროცესი, _ ამბობს თემურ სალუქვაძე.
რესპუბლიკური პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ის, რაც ხდება საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციონალური მოწყობის ცალკეული და ნაწილობრივი ცვლილებაა. ქვეყანას კი სჭირდება საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციონალური რეფორმირება.
მისივე განცხადებით, “საჯარო ხელისუფლება რთული ინსტიტუციაა. იგი მოიცავს პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ კომპონენტებს. ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გამიჯვნას, შესაბამისი დონის სტრუქტურებსა და უფლებებმოსილებებს და ა.შ. ამიტომ, მართებული არ იქნება ცალკეული ელემენტის, ნაწილის განხილვა და შეფასება ერთიანი სისტემისგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად. მთლიანად სისტემამ უნდა იმუშაოს ეფექტურად და შესთავაზოს პროდუქტი _ საჯარო მომსახურება, სერვისები. მაგალითად, იგივე სამოქალაქო რეგისტრაცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, გადასახადების გადახდა და ა.შ. საჯარო ხელისუფლებების სისტემასა და მისი მუშაობის ეფექტურობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარება. საჯარო ხელისუფლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საჯარო სერვისების შესახებ ინფორმაციისა და ამ სერვისების მიღების გამარტივება, გაიაფება და დაჩქარება. საზოგადოების თითოეულმა წევრმა, მეწარმემ, ფერმერმა, საჯარო მუშაკმა საჯარო სერვისებს მიკუთვნებული საკითხები უნდა მოაგვარონ დროისა და სხვა დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებით. ამავე დროს, თავად სისტემაც უნდა იყოს იაფი.
“ასე, რომ აქ მთავარი საჯარო სერვისების მაღალი სტანდარტებით მიწოდება-სარგებლობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც არანაირად არ არის გადამწყვეტი საჯარო სამსახურების, მათი ოფისებისა და თანამშრომლების რაოდენობა (სიმრავლე) და ამა თუ იმ რეგიონში მათი უპირატესი განთავსება. მითუმეტეს, თუ დღითიდღე იზრდება შესაძლებლობა ვისარგებლოთ ტექნოლოგიური მიღწევებით კომუნიკაციისა და მომსახურების სფეროში და ნოვაციები დავნერგოთ საჯარო სერვისების მიწოდებისას. მე არ მივეკუთვნები მათ, ვინც ამ ნაბიჯებს აფასებენ უარყოფითად მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საჯარო სამსახურები “ტოვებენ” გურიის რეგიონს და ამას, ლამის, რეგიონის “წაშლა-დაქცევად” ნათლავენ. საინტერესოა, მათი არგუმენტების მოსმენა. ჩვენი რეგიონის “დასუსტების” რეალური მიზეზიც სხვა არის და მისი გაძლიერება-გაჯანსაღების რესურსიც უპირატესად სხვა ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უნდა ვეძებოთ. თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა. მე, ვაფასებ ამ ნაბიჯებს უარყოფითად მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ საჯარო სამსახურების რეორგანიზაცია (დაშლა, მიერთება, გადატანა და ა.შ.) ნაკლებად არის კავშირში საჯარო ხელისუფლების სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან _ კერძოდ, პარალელურად არ მიმდინარეობს თვისობრივი ცვლილებები საჯარო ხელისუფლების ვერტიკალურ და ჰორიზონტალური სტრუქტურების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და მათი შესაბამისი ფინანსური რესურსების გადანაწილების ადმინისტრაციული და ფინანსური დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ამიტომ, იგი არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება”, _ გვითხრა “რესპუბლიკური პარტიის” გურიის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ არც ერთი სამსახური არსად არ გადასულა. სადაც იყო ოზურგეთის რაიონული პროკურატურა დარჩა იქ. იგივე, “ენერგო პრო-ჯორჯიას” ხელმძღვანელობა, ვინც ამ სფეროს კურატორობდა, სენაკში იჯდა, ტერიტორიული თვალსაზრისით მოხდა აღნიშნული სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში დაქვემდებარება.
_ იგივეს მკითხავთ საგადასახადო ინსპექციაზე, გეტყვით, რომ მოსახლეობას არსად წასვლა არ მოუწევს, ნებისმიერ სერვისს ოზურგეთში მიიღებს, მოსახლეობას ამით პრობლემა არ შეექმნება და სად წავა ხელმძღვანელი პირი თათბირზე, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, მოსახლეობას არ შექმნია ამ კუთხით პრობლემები; საჯარო რეესტრის შემთხვევაშიც, ასე იქნება, ნებისმიერ პირს შეეძლება, პირიქით, ოპერატიულად მიიღოს ნებისმიერი მომსახურება.
მისივე თქმით, არანაირად არ ემსახურება ეს რეგიონის დაკნინებას: _ პირიქით, ეს მოქალაქეებისთვის უკეთესი იქნება და ამას მალე დაინახავს ყველა, _ ირწმუნება გურიის გუბერნატორი.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარისას ამბობს, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-20 მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი სფეროების მმართველობის ორგანოები: ეკონომიკა, ფინანსები და ტურიზმი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება, კულტურა და სპორტი; სოფლის მეურნეობა: _ უფრო მეტიც, ამავე მუხლის თანახმად “აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს ან სხვა გასამხედროებული ორგანოს შექმნა”. ამდენად, გამორიცხულია შინაგან საქმეთა ან პროკურატურის ან სასამართლოს გადასვლა ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებაში. შესაძლოა, იყოს მხოლოდ ადგილის შეცვლა და არა დაქვემდებარების შეცვლა.
რაც შეეხება რეგიონის სტატუსის დაკნინებას, რეგიონები ჯერჯერობით ჩვენთან იურიდიულად, არც არსებობს. გუბერნატორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს არა რეგიონში, არამედ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში. ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების (იქნება ეს შსს თუ პროკურატურა) ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მის უფლებამოსილების ტერიტორიულ საზღვრებს ადგენს თავად ეს უწყება, რომელიც, როგორც წესი, არ ემთხვევა გუბერნატორის უფლებამოსილების ტერიტორიულ საზღვრებს. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის გარკვეულ პრობლემებს.
“რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესახებ მთავრობის დადგენილებაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილების ტერიტორიული ფარგლების დამთხვევა გუბერნატორის უფლებამოსილების ტერიტორიულ ფარგლებთან, თუმცა, ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების და არა სამართალდამცველი სტრუქტურების შესახებ, _ გვითხრა სანდრო სვანიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved