გუშინდელ პრესკონფერენციაზე წულუკიანმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ვენეციის კომისიას თვითნებურად, მთავრობის გვერდის გაუგზავნა საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ვერსია.
“უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი ევროპის საბჭოში გაიგზავნა ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ევროპის საბჭომ, კონკრეტულად კი, ვენეციის კომისიამ, 2005 წლიდან დღემდე, დიდი წვლილი შეიტანა სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიხვეწა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა ჩვენი კანონმდებლობა.
რაც შეეხება, შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობისკენ მოწოდებას. სასამართლო ხელისუფლება მზადაა ასეთი თანამშრომლობისთვის სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულებისა და მართლმსაჯულების წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადასალახად.
ევროპის საბჭო, და კონკრეტულად ვენეციის კომისია, საქართველოს სახელმწიფოს დიდი ხნის საქმიანი და კეთლგანწყობილი პარტნიორია და სასამართლო ხელისუფლება მომავალშიც კანონისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ამ ურთიერთობას,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.