აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა. აქციაზევე მოხდა მოქალაქეების დარეგისტრირება დახმარების სიაში. მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებული ადამიანები მიიღებენ სხვადასხვა სახის დახმარებას.
ქველმოქმედთა სახლის მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდები დილიდან არიგებდნენ დახმარებას იქ მისულ მოქალაქეებზე. ასზე მეტმა ადამიანმა მიიღო ფონდის მიერ გამოგზავნილი დახმარება.
ჩვენ გავესაუბრეთ ფონდის წარმომადგენელს.
თორნიკე ქარცივაძე: “დღევანდელ აქციას ატარებს აბაშის განვითარებისა და ხელშეწყობის ფონდი, რომლი თავმჯდომარეა დავით კინწურაშვილი და ქველმოქმედთა სახლი “მომავლის გზა”, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე. დღეს დაიწყება სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, ობოლი და უდედმამო ბავშვების აღწერა, რათა ფონდმა შეძლოს მათთვის ყოველთვიური დახმარების ჩამოტანა. დღეს, ამ აქციის შემდეგ, ვესტუმრებით კიდევ რამდენიმე ოჯახს და ადგილზე მივუტანთ დახმარებას და სხვა საჩუქრებს, რომელიც ფონდმა ჩამოიტანა.”
“მომავლის გზის” საჩუქრებით ხელდამშვენებული ადამიანები სახლში კმაყოფილი ბრუნდებოდნენ.
მედეა გინდელია: “დავით კინწურაშვილი ადრეც ეხმარებოდა აბაშელებს. არა ერთხელ შემოუტანია დახმარება, რომელიც ძალიან გვჭირდება, მაგრამ მერე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველა გზა შეუკრა და აიძულა დაეტოვებინა აბაშა. ახლა ძალიან მიხარია, რომ დავით კინწურაშვილის ფონდი ისევ შემოვიდა აბაშაში. მე მისი დიდი იმედი მაქვს და ვიცი, რომ ყველაფერს იღონებს ჩვენი კეთილდღეობისთვის”.
ია ხოშტარია: “მინდა დღევანდელი დღისთვის დიდი მადლობა გადავუხადო “მომავლის გზას” და აბაშის განვითარების და ხელშეწყობის ფონდს. მე პირადად არ ვიცნობ არც ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს და არც ბატონ დავით კინწურაშვილს, მაგრამ მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ვახსოვართ და იმედია კიდევ არა ერთხელ გაგვახარებენ”.
აქციის პირველი დღე დასრულდა. ხვალ ეს ახალგაზრდები ქოლობანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრებიან და საჩუქრებს და დახმარებას ადგილზე მიუტანენ. ამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებშივეა დაგეგმილი სენაკის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მონახულებაც.