საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილესთან ენდრიუ მურისონთან, უსაფრთხოების სექტორის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის უფროსის მოადგილესთან დევიდ კლარკთან და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორთან სტივ მაკარტისთან.
მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებასა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს დელეგაციას შეიარაღებული ძალების რეფორმირების და ოპტიმიზაციის საკუთარი ხედვა გააცნეს.
_ „ძალიან საინტერესო იყო ბრიტანული მხარისთვის ჩვენი ხედვის მოსმენა, ჩვენთვის კი მათი გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო ძალიან მჭიდრო მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მიმდინარე რეფორმებს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. შევთანხმდით, რომ გვექნება თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, ასევე, სხვადასხვა სამხედრო მიმართულებით, რომელიც უკავშირდება საერთო ღონისძიებებს ავღანეთში“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს. ბრიტანეთი მჭიდროდ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტარი დევიდ ლიდინგტონი უმასპინძლებს. მინისტრი ასევე, მონაწილეობას მიიღებს „ჩეთემ ჰაუზში“ დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.