სხდომა მეტად ხმაურიანად დაიწყო. მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის და დამტკიცების განხილვა დაიწყეს და თავმჯდომარის პოსტზე საკრებულოს დეპუტატის, ამირან გიგინეიშვილის კანდიდატურა დააყენეს, თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა დავით წულაძემ საკრებულოს სხდომა პროსტესტის ნიშნად დატოვა, მანამდე კი დავით წულაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა და დეპუტატები ბიუჯეტის დამალვაში დაადანაშაულა.
_ თქვენ მიიღეთ მაღალი ხელფასები, 200 000 ლარის პრემიები და საზოგადოებას დაუმალეთ, თქვენ მალავთ ბიუჯეტსო, შეჭამეთ ბიუჯეტი…”
ბრალდებაზე ზვიად აფხაზავამ უპასუხა, რომ მას არაფერი აქვს დასამალი და დავით წულაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
_ თქვენ სერიოზულ ბრალდებებს მიყენებთ, რაც პასუხისმგებლობის საკითხია, – მიმართა აფხაზავამ წულაძეს.
ამის შემდეგ დავით წულაძემ დარბაზი დატოვა, მან “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ უკვე იცოდა დეპუტატები მხარს “ნაციონალების” მხარდამჭერს ამირან გიგინეიშვილს დაუჭერდნენ.
“ღმერთმა მოგახმაროთ, მიაწექით “ნაციონალურად” _ მიმართა საკრებულოს დეპუტატებს დავით წულაძემ.
_ რა მოხდება და აირჩევენ ამირან გიგინეიშვილს. დღეს ლანჩხუთს მხოლოდ ერთი ადამიანი, გიორგი გოგუაძე მართავს, კაცი რომელიც ოპოზიციასაც მიწვდა და მასაც აკონტროლებს, _ განაცხადა წულაძემ, რომელიც ამის ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საკრებულოს სხდომას 26 დეპუტატი ესწრებოდა, ერთმა დატოვა სხდომა, 4 დეპუტატმა ხმა არ მისცა ამირან გიგინეიშვილს, 21-მა კი ერთხმად დაუჭირა მხარი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ამირან გიგინეიშვილის კანდიდატურას, რომელიც ტაშით დაამტკიცეს.
ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა და დეპუტატებთან ერთად დაუჭირა მხარი.
სხდომის დასასრულს კი ერთი საათის არჩეულმა ლანნჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კოლიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ზაზა ურუშაძის კანდიდატურა წარუდგინა და მათ ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი.