_ ილია ვაშაყმაძის საქმე დახურული არ არის და გამოძიება მიმდინარეობს, _ გვითხრა ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა კახა კოჩივარმა.
_ კოტე შარაშენიძის საქმე ძიებაშია და დახურული არ არის, – განუცხადა „გურია ნიუსს“ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ პაპუნა გობეჯიშვილმა.
საზოგადოებაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ილია ვაშაყმაძის საქმის ძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პოსტი.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, ტელეკომპანია “მე-9 არხზე” გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა სიების შედგენას ავალებს. ამ ჩანაწერმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ვაშაყმაძე ჯერ შსს-ში, შემდეგ კი პროკურატურაში დაიბარეს, რასაც მოჰყვა მის მიერ განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა.
ხოლო რაც შეეხება კოტე შარაშენიძეს,ის თანაგუნდელის თავის გატეხვის სავარაუდო ფაქტზე დაიბარეს პოლიციაში დაკითხვაზე. ბარიკადების მეორე მხარეს შარაშენიძის თანაგუნდელი და თანამებრძოლი ნესტორ რამიშვილი გახლდათ, რომელიც დღემდე არ ადასტურებას იმ ინფორმაციას, რომელიც “გურია ნიუსს” წყარომ მიაწოდა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, წყაროს თქმით, ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა.