ნატო გოგელიას ფოტორეპორტაჟი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ეკონომიურად ერთ-ერთ ყველაზე ღარიბად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, სწორედ ჩოხატაურში ცხოვრობს ყველაზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი.
გაჭირვებას სტიქიაც დაემატა, რომელმაც ბევრი ოჯახი დააზარალა, ბევრიც უსახლკაროდ დატოვა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ გვეუბნებიან, რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს _ არც საკრებულოში და არც გამგეობაში არ იციან, როდის და რით დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა რიცხვი დღითი დღე მატულობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ამ ეტაპზე, 800 ოჯახია აღრიცხვაზე, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ დახმარებას. ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ სასწრაფოდ დასახმარებელთა რიცხვი 800-ს სამჯერ აღემატება, თუმცა, მათი აღრიცხვა იმ “უბრალო” მიზეზის გამო არ ხდება, რომ ბიუჯეტში ფული მაინც არ არის(?!).