გაზეთ “ალიონის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბულინგი, ანუ მოზარდის ჩაგვრა, ერთ-ერთი „ტრადიციული“ ფორმაა, ძირითადად, სასკოლო ასაკის ბავშვებში.
დღეს, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩის დასაწყისში, თეატრის ბაღში დაახლოებით, მე-6 მე-7 კლასის ასაკის რამდენიმე ვაჟი, სავარაუდოდ, თანაკლასელს აბულინგებდენ. რკინის დიდ ბოძზე თოკით ჰყავდათ მიბმული … ჩოჩქოლი კი შევამჩნიე, მაგრამ თავდაპირველად დაბმული არ დამინახავს, რადგან ბევრნი იყვნენ…
ქუჩაზე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მოდიოდა, რომელმაც პირველმა შეამჩნია ბოძზე მიბმული ბიჭი და ახალგაზრდებს მკაცრი შენიშვნა მისცა… მაშინ დავინახე თოკებით შეკრული გამხდარი ბიჭი, რომელიც არც კი უძალიანდებოდა მოძალადე „მეგობრებს“.
_ გაიზრდებით, კაცები გახდებით და შეგრცხვებათ ის, რასაც ახლა აკეთებთ _ ვუთხარი მე და თოკით დაბმული ბიჭის გაშვება მოვთხოვე.
_ამას თავად უნდა რომ დავაბათ, _ მიპასუხეს. თითქოს გაიგონეს და თოკების შეხსნა დაუწყეს, მაგრამ ორიოდ ნაბიჯი გადავდგი თუ არა არათუ სხეულზე და ხელებზე, კისერზეც მოაბეს თოკი…
ჩემი და სპორტული აღნაგობის ახალგაზრდის მოთხოვნით „ტყვე“ გაათავისუფლეს…
თუმცა, შემდეგ მათ არ ეყოთ ვაჟკაცობა ეთქვათ, _ვინ იყო ამ საქმის მოთავე…
_ არაფერი არ ვიცი, მე არ მიქნია _„იმართლებდნენ“ თავს…
არც ფოტო გადამიღია და არც მათი სახელი და გვარები მომიკითხავს, რადგან მათ ისედაც ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ დღევანდელი „სცენა“, როცა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ ფიზიკურად მათზე სუსტ თანატოლს…“ _ წერს ნუგზარ ასათიანი.
“გურია ნიუსი“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლელა იმედაშვილს დაუკავშირდა.
ლელა იმედაშვილის თქმით, ამ საკითხთან უკვე მოკვლევა დაიწყეს.