კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, უკვე მომავალი კვირიდან შეწყდება განცხადებები ზოგადად სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების მისამართით. მისივე განცხადებით: “ძალიან კეთილსინდისერი, პროფესიონალი და მოტივირებული მოსამართლეები მზად არიან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები”.
კოტე კუბლაშვილი აცხადებს რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმის 80% მხარს უჭერს, დანარჩენი 20% კი, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას ეხება, მისთვის მიუღებელია.
“არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედებისთანავე იუსტიციის საბჭოს წევრების გათავისუფლება ავტომატურად, მეორე ის, რომ არ უნდა აიკრძალოს სასამართლოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევა. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა უნდა ამოხდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის კონსენსუსის საფუძველზე, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმებით არ იყვნენ არჩეულები. პრემიერს კარგად ესმის ეს ყველაფერი და მას ავუხსენი, რომ ამ შენიშვნების გამოთქმისას ჩვენ გამოვდივართ ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეიდან.” _ განაცხადა კუბლაშვილმა გადაცემა “დიალოგი დავით პაიჭაძესთან”.
აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრებები ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით, დაახლოებით 2 კვირის წინაც დააფიქსირა კუბლაშვილმა. მაშინ მას გაცილებით მოკრძალებული მოთხოვნა ჰქონდა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ უჭერდა.
ამაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პოზიცია იყო უკომპრომისო:
“თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის კარგი, მაშინ დავტოვოთ ის ვარიანტი რაც არის. მე არასოდეს მხარს არ დავუჭერ ამას. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ მათ შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება, მაშინ ის იღებს ისტორიულ პასუხისმგებლობას. რიგითი მოსამართლეები არიან საშინელ დღეში, მათ შველა სჭირდებათ. ერთადერთი შველა არის ის, რომ შიგნიდან გათავისუფლდნენ. დიახ, მე მხარს ვუჭერ, რომ როგორც კი კანონი შევა ძალაში, ორი კვირის ვადაში მოხდება მათი ახალი წესით დამტკიცდება. ჩემი ინფორმაციით, იმ ადამიანებიდან მხოლოდ 2 წევრია კონფერენციის მიერ არჩეული. დღეს, რიგით მოსამართლეებს უნდა მიეცეთ შანსი და არა თავმჯდომარე მოსამართლეებს, რომლებიც არიან კუბლაშვილის კლანის წევრები. დღეს არის ისტორიული შანსი, რომ მართლმსაჯულება ხელში აიღოს რიგითმა მოსამართლემ” _ განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის 100 დღის შეფასების დროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.
აღსანიშნავია, რომ კოტე კუბლაშვილი ასევე ითხოვს იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის უფლება მისცენ სასამართლოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს, რასაც კანონპროექტი არ ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, მან გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრემიერის კრიტიკა მიიღო, თუმცა მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რეალურ სტატისტიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ფლობდა.