წულუკიანის განმარტებით, ხვალ პირადად დაუდასტურებს მოსამართლეებს ახალი მთავრობის ნებას, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში საბოლოოდ ჩაეყრება საფუძველი თავისუფალი მართლმსაჯულების დამკვიდრებას: “ხვალ დილიდან იმართება შეხვედრა იუსტიციის მინისტრსა და მოსამართლეთა კორპუსს შორის. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და მე მოვუწოდებ ყველა რიგით მოსამართლეს, ამ შეხვედრას დაესწროს, გამოხატოს ამ შეხვედრის მიმდინარეობისას ჯანსაღი კრიტიკა. როგორც წარმოდგენილი ხარვეზების კომისიის კანონპროექტის, ასევე მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე; გამოხატოს თავისუფალი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოსწონს და რა მიაჩნია მისაღებად ჩვენ მიერ გატარებულ რეფორმაში. ჩემთვის, პირადად, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეფორმის მომავალი ნაბიჯები უფრო კარგად და ეფექტიანად დაიგეგმოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.
მე მოველი თავისუფალი აზრის გამოხატვას ამ შეხვედრაზე და მინდა მოსამართლეებს პირადად დავუდასტურო ჩვენი მთავრობის ნება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საბოლოოდ ჩაეყრება საფუძველი თავისუფალი მართლმსაჯულების დამკვიდრებას საქართველოში,” _ განაცხადა წულუკიანმა.